საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  GCCA-ის თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია  - მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების განხორციელება. სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზების გზით, საჯარო სკოლებში  - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

„მემორანდუმის მიზანია საჯარო სკოლების უფროსკლასელებში კონკურენციის და მომხმარებლების უფლებების თემაზე ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენცია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და რამდენად აუცილებელია ვიცოდეთ საკუთარი უფლებები/გარანტიები როგორც მომხმარებლებმა. განათლება ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც, ვფიქრობ, შეუწყობს  ხელს მოსწავლეების სამომხმარებლო პასუხისმგებლობებისა და ძირითადი ეკონომიკური უნარების განვითარებას.

მიმდინარე და გასულ წელს, 10-მდე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები უკვე შედგა. 2025 წელს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩანიშნულია 50-ზე მეტ საჯარო სკოლაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და პროექტის მხარდაჭერისთვის'', - განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერისას ირაკლი ლექვინაძემ.

თამარ მახარაშვილის თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდებმა, როგორც საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები. შესაბამისად, სამინისტრო მოსწავლეებს, დაწყებითი საფეხურიდანვე, აძლევს შესაძლებლობას ამ მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.