საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „კოთელია-ასპინძის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. აღნიშნული 23 კილომეტრიანი გაზსადენი სამხრეთის მაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს და ფუნქციური თვალსაზრისით, რეგიონის გაზმომარაგებაში გადამწყვეტი როლი აკისრია. კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიადან ასპინძის მუნიციპალიტეტის მიმდებარე და შემდგომი დასახლებული პუნქტების ბუნებრივი აირით მომარაგება.

არსებული მილსადენის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კორპორაციამ ახალი გაზსადენის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძველ ინფრასტრუქტურას სრულად ჩაანაცვლებს.

პროექტზე მომზადებულია გარემოსდაცვითი პროცედურებით გათვალისწინებული სკოპინგისდასკვნაც.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე შესაბამისი ტენდერის პირობები უკვე განთავსებულია. წინადადებების მიღება 3 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მაგისტრალური გაზსადენებისა და მათი განშტოებების დაპროექტებასა და მშენებლობას მოიცავს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისტემის გამტარუნარიანობის გაზრდას, მის სტაბილურ ფუნქციონირებას, მოსახლეობისა და სტრატეგიული ობიექტების უწყვეტ გაზმომარაგებას.