ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდნენ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და ფონდთან სამომავლო თანამშრომლობა იყო.
მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. საბაზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდა და დაახლოებით 2.4%-ით განისაზღვრა, ხოლო მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩა და 3.3% შეადგინა.
„ეს ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ დინამიკას უკეთ ასახავს, იმაზე მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები კარგად იმართება“, - აღნიშნა სების პრეზიდენტმა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2025 წელს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.
მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს რეზერვების მოცულობამ ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს. ხაზი გაესვა, რომ დაპირისპირების გახანგრძლივებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არსებულ ეკონომიკურ პროგნოზებზე.
სსფ-ის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა აღნიშნა, რომ რეგიონული გაურკვევლობის მიუხედავად, საქართველო წარმატებით უმკლავდება საგარეო შოკებს. მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური ფუნდამენტები ძლიერია, ხოლო საგარეო პოზიცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.













