მთავრობა 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026 -2028 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე, 1500 ახალ ვაგონს, ასევე, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგად გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე, შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს. ამის შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით. სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.
გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი - ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი -ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5.5 საათიდან შემცირდება 4 საათამდე. 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.
ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი -ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან. გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე. ანუ განახევრდება გადაადგილების დრო თბილისი - ახალციხის მიმართულებაზე“,- განაცხადა კობახიძემ.













