ახმეტის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026 წელს 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებია დაგეგმილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,  999 999 ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც მდინარე ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, უკვე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, უკვე დაგეგმილია 16 974 505 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტების განხორციელება.

"2026 წელს დაგეგმილი 4 კაპიტალური პროექტი მოიცავს ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლებისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას.  განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 1500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

კაპიტალურ პროექტებთან ერთად, 2026 წელს სარწყავ სისტემებზე საექსპლუატაციო სამუშაოებიც განხორციელდა. გაიწმინდა და მოწესრიგდა 26 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 15 კმ მილსადენი; შეკეთდა 2 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეკეთდა და შეიცვალა 201 სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, სამუშაოები სხვა მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.

2026 წელს კახეთის რეგიონში უკვე დასრულებულია 4 სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 10 პროექტი, ხოლო დაგეგმილია 16 პროექტის განხორციელება. ჯამში, კახეთის რეგიონში 142 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რაც 18 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ამასთან, კახეთის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში გაიწმინდა და მოწესრიგდა 212 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 20 კმ მილსადენი; შეკეთდა 6 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეკეთდა და შეიცვალა სხვადასხვა ტიპის 596 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მიზნად ისახავს ახმეტის მუნიციპალიტეტში სარწყავი ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილურ წყალუზრუნველყოფას",- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.