ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება დაასრულა.
სწავლების ცენტრის ტრენერებმა, სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 სატრენინგო სესია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ N25 წალკისა და N53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხუთ ეტაპად გაიარეს სწავლება ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით.
N18 ახმეტის, N24 დმანისისა და N25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე სამი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კი ტრენინგები ოთხ ეტაპად, ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის პროცედურებზე ჩატარდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრატორების როლსა და პასუხისმგებლობას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენის, ხმის მიცემის ფარულობის, დაკვირვების ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
სწავლება პრაქტიკულ კომპონენტებსაც მოიცავდა. ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ამომრჩევლებთან კომუნიკაციისა და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ასევე განახორციელა წალკის, ვანის, ახმეტის და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობებისთვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების საკითხები, საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმები.
ამასთან, 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ და სწავლების ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსებიც მოამზადა. რესურსები მოიცავს ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებებისა და ვალდებულებების, ეთიკის სტანდარტებისა და საქმიანობის პრაქტიკული საკითხების შესახებ.
საინფორმაციო-სასწავლო რესურსები ხელს უწყობს კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერას და ამომრჩეველზე ორიენტირებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.













