კარიბის ზღვისა და აფრიკის ქვეყნები ბრიტანეთისგან მონობისთვის რეპარაციებს ითხოვენ.

კარიბის ზღვის აუზის თანამეგობრობის (CARICOM) და აფრიკის კავშირის თხუთმეტი ქვეყანა აპირებს ბრიტანეთისგან საუკუნოვანი მონებით ვაჭრობისთვის რეპარაციების მოთხოვნას.

"როიტერზე" დაყრდნობით, სპეციალურად შექმნილ CARICOM-ის რეპარაციების კომისიას მიეცა უფლებამოსილება, ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მოლაპარაკებები აწარმოოს ბრიტანეთის ხელისუფლებასთან. კომისიის რეპარაციების გეგმა მოიცავს ოფიციალურ ბოდიშს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ვალების პატიებასა და ფულად გადახდებს.

მსგავს გეგმას ამზადებენ აფრიკის კავშირის ქვეყნები. ეს ქვეყნები კომპენსაციას ითხოვენ XV-XIX საუკუნეების მონებით ევროპული ვაჭრობისთვის, რომელმაც 12,5 მილიონზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია.

"როიტერი" აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნებისადმი წინააღმდეგობა გლობალურად იზრდება. მაგალითად, ბევრი ევროპელი ლიდერი უარყოფს ამ თემის განხილვასაც კი, რადგან მიაჩნია, რომ თანამედროვე სახელმწიფოები არ არიან პასუხისმგებელნი ისტორიულ დანაშაულებზე. მაგალითად, გასულ წელს, სამოაში თანამეგობრობის სამიტის წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია მომავალზე ფოკუსირება, ვიდრე „წარსულისთვის რეპარაციების შესახებ დაუსრულებელ კამათზე“.