აშშ დოლარის წილი გლობალურ რეზერვებში 20 წლიან მინიმუმამდე დაეცა და ამჟამად დაახლოებით 40%-ს შეადგენს.
ამის შესახებ ანალიტიკურმა ორგანიზაცია The Kobeissi Letter-მა განაცხადა.
„აშშ დოლარი ამჟამად გლობალური სავალუტო რეზერვების დაახლოებით 40%-ს შეადგენს - ეს ყველაზე დაბალი დონეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს წილი 18 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამავე პერიოდში ოქროს წილი 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 28%-ს მიაღწია - ეს ყველაზე მაღალი დონეა 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ამჟამად ოქრო გლობალურ სავალუტო რეზერვებში უფრო დიდ წილს შეადგენს, ვიდრე ევრო, იენი და ფუნტი სტერლინგი ერთად“, - აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.
The Kobeissi Letter-ის თანახმად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ცენტრალური ბანკები აგრძელებენ თავიანთი აქტივების დივერსიფიკაციას აშშ დოლარისგან, ამავდროულად სწრაფად აგროვებენ ოქროს თავიანთ სეიფებში. შედეგად, ოქროს ფასი 2025 წელს 65%-ით გაიზარდა - ეს 1979 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური ზრდაა, ხოლო აშშ დოლარის ინდექსი 9.4%-ით დაეცა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წლიური მაჩვენებელია.













