შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში ნობელის პრემიის 2025 წლის ლაურეატები გამოაცხადა.

ნობელის კომიტეტის ვებსაიტზე დაყრდნობით, შვედეთის რიკსბანკის მიერ მე-20 საუკუნეში დაარსებული ალფრედ ნობელის ხსოვნისადმი მიძღვნილი წლევანდელი ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში ინოვაციური ეკონომიკური ზრდის ახსნისთვის ამერიკელ-ისრაელელ ეკონომიკურ ისტორიკოსს ჯოელ მოკირს, ფრანგ ეკონომისტ ფილიპ აგიონს და კანადელ ეკონომისტ პიტერ ჰოვიტს გადაეცათ.

ჯილდო ორ ნაწილად იყო დაყოფილი: „ტექნოლოგიური პროგრესის გზით მდგრადი ზრდის წინაპირობების იდენტიფიცირებისთვის“ და „შემოქმედებითი განადგურების გზით მდგრადი ზრდის თეორიისთვის“.

„ორი საუკუნის განმავლობაში პირველად, მსოფლიომ განიცადა მდგრადი ეკონომიკური ზრდა. ამან უამრავი ადამიანი სიღარიბიდან გამოიყვანა და ჩვენ კეთილდღეობას საფუძველი ჩაუყარა. ეკონომიკის დარგში წლევანდელმა ლაურეატებმა, ჯოელ მოკირმა, ფილიპ აგიონმა და პიტერ ჰოვიტმა, ახსნეს, თუ როგორ უწყობს ხელს ინოვაცია შემდგომ პროგრესს“, - განმარტა კომიტეტმა.

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ენიჭებათ მათ, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ სფეროში. ეკონომიკა ნობელის ანდერძში არ შედიოდა; ის 1968 წელს დაემატა „ტრადიციულ“ კატეგორიებს - ფიზიოლოგია ან მედიცინა, ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა და მშვიდობის პრემია. 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რიკსბანკმა შემოწირულობა გაიღო, რომელიც ნობელის ფონდის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად უვადო დაფინანსებას უზრუნველყოფდა პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით.

2025 წლის ნობელის კვირეული ეკონომიკით დასრულდა.