სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა.

ოთარ ნადარაიას თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე შიდა ფაქტორებთან ერთად გასათვალისწინებელია ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. როგორც სებ-ის პრესრელიზშია აღნიშნული, მართალია ინფლაცია დაბალია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა არის მაღალი. იცით, რომ მიმდინარე მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია და გასათვალისწინებელია ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ჯერ კიდევ მკაცრი განაკვეთიც. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომლის შერბილებად იწყება, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო“, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

ოთარ ნადარაიას თქმით, თიბისი კაპიტალის პროგნოზი წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მიმართებაში 8%-ი იყო და დღესაც უცვლელი რჩება.

„ჩვენ წლის ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზის წლის ბოლოსთვის დაახლოებით 8%-ი იყო. პრინციპში ეს პროგნოზი არ შეგვიცლია. წლის განმავლობაში ტრაექტორია ძალზეც შეიცვალა, ანუ შერბილება ცოტა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო. თუმცა საბოლოო პროგნოზი არ შეგვიცვლია“, - ამბობს ნადარაია.