ინიციატივა, რომელიც სესხების ლიმიტის ზრდას უკავშირდება ვფიქრობთ, რომ ეფექტურობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და სექტორს კრედიტების გაიაფების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა, - ამის შესახებ მიკროსაფინანსოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო დევდარიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა სექტორისთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმ კუთხითაც, რომ მათ უფრო სწრაფად ზრდის, განვითარების და მომხმარებლების უფრო დიდი ხნით შენარჩუნების შესაძლებლობა ექნებათ.

"გამომდინარე იქიდან, რომ სექტორში ბოლო ზღვრის ზრდა 2018 წელს მოხდა, განხორციელებული ცვლილება ნამდვილად მისასალმებელია. 2018 წლის შემდეგ სექტორი 100 000 ლარიან ზღვარში ოპერირებდა. ამ ზღვის გაორმაგება თავად სექტორის გაჯანსაღებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, მომხმარებლების თვალსაზრისით, რომ შევხედოთ - მათ უფრო დიდი არჩევანი ექნებათ 100 000-დან 200 000-ლარამდე კრედიტის მოთხოვნის შემთხვევაში სად დაკრედიტდნენ.

მიკროსაფინანსო სექტორისთვის 2024 წელი ნამდვილად კარგი წელი იყო. უფრო მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა - დაახლოებით, 16%. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია და ნარჩუნდება დაბალი რისკების ტენდენცია, უმოქმედო და უიმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში 2%-ზე ნაკლებია, ხოლო რეზერვის ხარჯი და რეზერვებიდან მომდინარე ხარჯვითი ნაწილიც ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად 2024 წელს, მომგებიანობის სტაბილიზაციაც მოხდა. უკუგება კაპიტალთან მიმართებაში, დაახლოებით, 17-18%-ის ფარგლებშია, რაც საბანკო სექტორის მაჩვენებლებს ჩამორჩება, თუმცა სტაბილური მომგებიანობა სექტორის მიმზიდველობაზე მეტყველებს. 2025 წელს გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ტენდენციები შენარჩუნდება და ბაზარზე რისკის კლების ტენდენციები გაგრძელდება. ზრდის ტემპს კი ვვარაუდობთ, რომ იგივე ნიშნულზე იქნება, რაც 2024 წელს იყო.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს - ბოლო წლების ტენდენცია მუდმივად კლებადი იყო. სექტორი მუდმივად დაბალ პროცენტში აბანდებდა თანხას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხარჯვითი ნაწილი წლიდან წლამდე არ გაუმჯობესებულა. ხარჯვით ნაწილშიც ორი კომპონენტი შემოდის - ერთი არის თავად ფულის ფასი, რა ფასშიც სექტორი სახსრების მოზიდვას ახერხებს, ხოლო მეორე ეფექტურობის ნაწილი, სადაც სტაბილური მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საბანკო სექტორს აქვს. საოპერაციო ხარჯვითი ნაწილიც 2.5-ჯერ მაღალია, ვიდრე საბანკო სექტორში. ეს ინიციატივა, რომელიც სესხების ლიმიტის ზრდას უკავშირდება ვფიქრობთ, რომ ეფექტურობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და სექტორს კრედიტების გაიაფების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა. თუ წინა წელთან მიმართებაში 1%-ით უკვე შემცირებულია დაკრედიტების განაკვეთები, ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენციები 2025 წელს უფრო მეტად გაგრძელდება და ეფექტურობის ნაწილი ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიაფების კუთხით უფრო დიდი ბიჯებით ვიაროთ", - აცხადებს ნინო დევდარიანი.

ცნობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა.

BP.GE