საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ბაზარზე „ძალიან მაღალია ხელფასებია“. ამის შესახებ დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

სხდომაზე ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ბიზნესს ყველაზე მეტად კვალიფიციური კადრების დეფიციტი აწუხებს და პროფესიული გადამზადების ნაწილში მიმართვიანობა დაბალია. თავის მხრივ, ბეჟან წაქაძე დაინტერესდა, ხომ არაა გამოსავალი, მოსახლეობის პროფესიული განათლებით მეტად დაინტერესების მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია.

ბეჟან წაქაძე: მთავრობა, განათლების სამინისტრო ბევრს აკეთებს. მათ შორის, ჩემს რეგიონში, ზესტაფონში სამშენებლო კუთხით არსებობს პროფესიული სასწავლებელი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, თუმცა ამის მიუხედავად დატვირთვა მცირეა. ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკა, მათ შორის რეკლამირების კუთხით, გასაძლიერებელია?

ოთარ დანელია: გულწრფელად რომ გითხრათ, მეტი კამპანია შეიძლება შედეგის მომტანი იყოს, თუმცა ვერ ვხვდები დამატებითი მოტივატორი რა შეიძლება იყოს. ვხედავ, რომ უფრო მეტი მიდრეკილება ალტერნატიული გამოსავლების ძებნაზეა, ვიდრე ზოგადად პროფესიულ დასაქმებაზე. ჩვენ მათ შორის ვაკვირდებით ტენდენციას, IT სექტორში დიდია არარეზიდენტების ჩართულობა, ასევე ძალიან გაიზარდა სამშენებლო ობიექტებზე არარეზიდენტების პროცენტული მაჩვენებელი. შესაბამისად, მე ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს მოტივატორი, ფაქტია, რომ თუ უცხოელისთვის მიმზიდველია აქ მუშაობა, მაშინ ადგილობრივისთვის რატომ არ უნდა იყოს, მით უმეტეს, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის ბევრი შესაძლებლობა არსებობს.

ბეჟან წაქაძე: ბაზარზე ძალიან მაღალია ხელფასებია, ბიზნესები ძალიან მაღალ ხელფასებს სთავაზობენ, მაგრამ ამის მიუხედავად, რასაც თქვენ ბრძანებთ რეალობაა. რატომ, მე ნამდვილად არ ვიცი.

BM.GE