მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან გვყავდა, მას მოსდევს ტურისტები რუსეთიდან და შემდეგ - სომხეთიდან, თუმცა შემოსავლებში სხვა ქრონოლოგით ნაწილდება, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში მიღებული შემოსავლების კუთხით პირველ ადგილზე რუსეთია, მას მოსდევს თურქეთი და შემდეგ ევროკავშირი.

„შემოსავლებში პირველ ადგილას არის რუსეთი, შემდეგ თურქეთი და შემდეგ ევროკავშირი. რუსეთის წილი, როგორც მეორე კვარტალში, ისე წლის პირველ ნახევარში 23-24%-ია და შემოსავლებიც დაახლოებით ამდენივეა. თურქეთიდან ტურისტული ვიზიტების წილი თუ მაღალია, (მეორე კვარტალში იყო 24%) შემოსავლების ნაწილში - 17%-ია“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისი თქმით, მეორე კვარტალში ტურიზმის სექტორიდან ქვეყანაში 1.1 მლრდ დოლარის შემოსავლები დაგენერირდა. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, 2.7 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს, აქედან 2.1 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო .

„საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა 83%-ია, ეს დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ერთდღიან ვიზიტორებში გვაქვს სუსტი აღდგენა, ხოლო პირველ ნახევარში თავად ტურისტული ვიზიტების აღდგენა 99.8% იყო, ფაქტობრივად 100%-ით. ეს მაჩვენებელი ახლოს იყოს მოლოდინებთან, განსაკუთრებით მაღალი იყო მოლოდინთან შედარებით მეორე კვარტლის მაისი-ივნისის მონაცემი“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

Galt&Taggart-ის ეკონომისტი აცხადებს, რომ წლიურად უცხოური ბარათებით გადახდის მნიშვნელოვანი - 35%-ზე მაღალი ზრდის ტემპი იყო ივნისის თვეში. „მოცულობით თუ შევხედავთ 400 მლნ-ზე მეტი იყო შემოსავლები ივნისის თვეში. ჯამურად შეფასება გვაქვს გაკეთებული და მეორე კვარტალში ქვეყანაში დაგენერირდა 1.1 მლრდ დოლარის შემოსავლები ტურიზმის სექტორიდან“, - აცხადებს ეკონომისტი.

მისი თქმით, წლის ბოლომდე გაგრძელდება ეს ტრენდი და პროგნოზი რაც არის 4.3 მლრდ შემოსავალი, რეალისტურია. საერთაშორისო ვიზიტორები წლიურ ჭრილში 6.5-7 მლნ-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ტურისტული ვიზიტები 5 მლნ-ზე მეტია მოსალოდნელი.