ნატურალური თაფლის ექსპორტი 2024 წლის მე-2 კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%–ით არის შემცირებული. მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავას თქმით, ამ პროდუქტის ექსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია იმან, რომ ევროპის ბაზარზე თაფლის საექსპორტო ფასი არის დაბალი, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აკაციის თაფლზე, რომლის მოსავალიც საქართველოში მიმდინარე წელს მცირე იყო.

ალეკო პაპავას განმარტებით, ამ ეტაპზე ევროპის ბაზარზე თაფლის მთავარი მიმწოდებელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის უნგრეთი. მისივე თქმით, ევროპის ბაზარზე 1 კგ ნატურალური ქართული თაფლის საექსპორტო ფასია 4 ევრო, ადგილობრივ ბაზარზე კი საბითუმო ფასი 12 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, ნატურალური თაფლის ექსპორტი 2024 წელის მე-2 კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, $149 720–ით შემცირდა და $20 870 შეადგინა. 2023 წელს ნატურალური თაფლის ექსპორტი $170 590 შეადგენდა.

ნატურალური თაფლის იმპორტს რაც შეეხება, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა და $9 160 შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $4 200 იყო.