საქართველოს ეკონომიკა პროდუქტიულობის ახალ ზღვარზე გადავიდა და ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიული სფეროების სწრაფად განვითარებით, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 4 წელია საქართველოს საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია, ხოლო ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლების ფარგლებშია.
ნათია თურნავამ ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტზეც ისაუბრა და ის საკმაოდ წარმატებულად შეაფასა.
„ვიზიტი იყო საკმაოდ დადებითი, ძალიან კარგი გზავნილებით წამოვედით. იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური ნაწილიც, რომელშიც ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობდა, იყო უფრო მეტად ეკონომიკური ნაწილიც, სადაც ძირითადად სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან შეხვედრები იყო, იმიტომ, რომ თვითონ პლატფორმაც იყო წლიური, საგაზაფხულო შეხვედრები მსოფლიო ბანკის და სსფ-სი, რომელიც ყოველწლიურად იმართება. საინტერესო იყო, რომ ამჯერად ეს შეხვედრები ყველა ქვეყანასთან ტარდებოდა ერთი მთავარი ეგიდით, ეს არის გლობალური გამოწვევები და რამდენად არის ესა თუ ის ქვეყანა მზად ამ გლობალური გამოწვევების მიმართ. საქართველო ამ კუთხით გამორჩეულად კარგად გამოიყურება, იმიტომ, რომ გაქვს ჯანსაღი, კეთილსაიმედო ეკონომიკური ვითარება, გვაქვს 2 წელიწადზე მეტია მოთოკილი ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ იყო და წელს დასტაბილურდა მის ირგვლივ. და აქედან გამომდინარე საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო ჩვენმა მონეტარულმა პოლიტიკამ. გარდა ამისა ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რითაც ვერ დაიკვეხნის ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის უფრო განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნები. იცით, რეცესიაა მთელ რიგ სახელმწიფოებში.
საქართველოს ეკონომიკის პირველი კვარტლის მაჩვენებელი კი 9,3%-ია. ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი. ბოლო 4 წელი, რომ ავიღოთ საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,3%. მარტის მაჩვენებელიც მაღალია - 9%. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა პროდუქტიულობის ახალ ზღვარზე გადავიდა და ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიული სფეროების სწრაფად განვითარებით. ზრდა მაღალია, მაგრამ ეს არ აწვება ინფლაციას და არ ზრდის ინფლაციას. ასევე აღარ შევჩერდები სხვა მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. საგარეო ანგარიშის დეფიციტი არის გაუმჯობესებული, ისტორიულ მინიმუმზეა მშპ-სთან მიმართებაში თუ ავიღებთ. არის სტაბილური შემოდინებები სავალუტო იგივე ტურიზმიდან, ექსპორტიდან და რაც აისახება კიდეც სავალუტო კურსზე.
ზოგჯერ მესმის ხოლმე, რომ სებ-ი ხელოვნურად იჭერს, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ჩვენ ამხელა მზარდი ეკონომიკის პირობებში რაიმე ხელოვნურად დავიჭიროთ. ამას იჭერს ჯანსაღი ეკონომიკური ვითარება. ჩვენც ვამბობდით, რომ არანაირი მაკროეკონომიკური მიზეზები არ არსებობს კურსის ასეთი რყევების და გაუფასურების და მართლაც სენტიმენტები იყო ბაზრის. შესაბამისად ახლა ეს გამყარება სეზონურიც არის, ტურისტული სეზონიც დაიწყო. ახლა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად დოლარის გაუფასურებაც მიმდინარეობდა და ამანაც შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად შევავსოთ რეზერვები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.