ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორები ხედავენ, რომ გლობალურად არაპროგნოზირებადი გარემოს მიუხედავად, საქართველო ვითარდება და ინფლაცია მართვადია. ამის შესახებ მან ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკული და ბრიტანული საინვესტიციო ფონდების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში ეროვნული ბანკის მოწვევით იმყოფებიან. დელეგაცია აერთიანებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Aberdeen, MetLife და სხვა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე

„ეროვნული ბანკის მოწვევით, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორების დელეგაცია სტუმრობს, რომელიც მსხვილი გლობალური საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისგან შედგება. ისინი დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტირებით ჩვენი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. შეხვედრის ფარგლებში გავაცანით საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და მიუხედავად გლობალურად შექმნილი არაპროგნოზირებადი ვითარებისა, ხედავენ, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს მართვადი ინფლაცია, მდგრადი მაჩვენებლები, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.