ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ დაამუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნაწილებად დაშლის მიზნით შემოყვანილი ავტომობილების აქციზის ნაცვლად დღგ-თი  დაბეგვრას გულისხმობს. პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა წინადადებას დადებითი რეკომენდაცია მისცა, თუმცა დამატებითი დეტალები მოითხოვა. რას გულისხმობს  ინიციატივა და რატომ დადგა მისი საჭიროება - თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის  თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ ისაუბრა.

ამჟამად არსებული რეგულაციით, თუ პირს უნდა შემოიტანოს მანქანა და მიზანია, რომ შემდეგ დაშალოს, უწევს, რომ შემოიყვანოს როგორც ჩვეულებრივმა მყიდველმა პირადი მოხმარებისთვის, დაარეგისტრიროს, გადაიხადოს აქციზის გადასახადი და შემდეგ დაშალოს. მაგრამ თუ წამოიღებს მაგალითად მანქანის ნახევარ ნაწილს, სადაც ძრავი და ძირითადი ნაწილებია, მხოლოდ დღგ-ს გადახდა უწევს. სექტორის წარმომადგენლების თქმით თუ წინასწარ ცნობილია, რომ მანქანა დასაშლელად ჩამოდის, რეგისტრაციაზე დრო აღარ უნდა დაიხარჯოს და არც აქციზის გადასახადი უწევდეთ.

ალექსი ნონიაძის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობენ  არაკეთილსინდისიერი იმპორტიორები,  რომლებსაც ავტომობილები შემოჰყავთ და ისე შლიან, რომ არ ხდება მათი განბაჟება.

„ამის გამო ზარალდება პატიოსანი ავტოიმპორტიორი, იმიტომ რომ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებთან  ერად არასამართლიან კონკურენციაში შედის, პრობლემა არის იმ მხრივ, რომ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო იმ კომპანიების გაწითლება რომლებსაც შემოყვანილი ჰყავთ ეს მანქანები, მაგრამ მათაც არ გააჩნიათ ის სათანადო ბერკეტები, რომ ბოლომდე თვალი მიადევნონ პროცესს და კონკრეტული პირების კეთილსინდისიერებაზე არიან დამოკიდებულები, რაც ფართომასშტაბიანი პრობლემა გახდა.

შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ვისაც ექნება დავალიანება "გააწითლოს", რის შემდეგაც კომპანიებს სრულყოფილად ფუნქციონირება აღარ შეუძლიათ. ასევე წითელ ზონაში ხვდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც შემოჰყავთ ავტომობილები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხდება ვერც  ექსპორტზე გაყვანა და ვერც დაშლა. ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე თუ როგორ შეიძლება გამოსწორება და წავედით ამ მიმართულებით“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ნონიაძის თქმით, ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე შედგა კონტაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ავტოიმპორტიორთა ასოციაციას შორის.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც ელექტრო სატვირთო ავტომობილებზე ელექტრო მსუბუქი ავტომობილების მსგავსი შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

„ამჟამად ელექტრო სატვირთო ავტომობილებს იგივე შეღავათები არ აქვთ, რაც ელექტრო მსუბუქ  ავტომობილებს, შესაბამისად ხელი რომ შევუწყოთ ქვეყანაში მათ შემოყვანას და რაოდენობის ზრდას გვაქვს ინიციატივა."- აღნიშნა ნონიაძემ.

მისი თქმით, ასოციაციამ იუსტიციაში სახელწოდების ცვლილებაზე შეიტანა განაცხადი და იქნება "ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია"

"დავიცავთ  როგორც  ავტოიმპორტიორების, ასევე  ავტომფლობელების უფლებებსაც. სხვანაირად  ბაზარი ვერ  განვითარდება  თუ მხოლოდ იმპორტიორების უფლებებს დავიცავთ და არა ავტომფლობელების.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ნონიაძის თქმით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის მიერ მიწოდებულ ტექნიკურ რეგლამენტში საუბარი იყო მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრის რეგულირებაზე, თუმცა ნონიაძის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესები და ბიზნესის ინტერესები  თანხვედრაში უნდა იყოს.

„საჭიროა როდესაც გარემოზე ვფიქრობთ, ამავდროულად ვიფიქროთ იმაზეც, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართულ სისტემას მივიღებთ. სასწორზე დგება ერთის მხრივ გარემო და მეორეს მხრივ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ნონიაძემ 2019-2023 წლების იმპორტის და რეექსპორტის მონაცემებზეც ისაუბრა.

„არ შეიცვალა რეექსპორტი, მაგრამ შეიცვალა  იმპორტი 58 000-ზე მეტი ავტომობილი შემოვიყვანეთ 2019 წელს, ანუ პანდემიამდე, შიდა მოხმარება  მნიშვნელოვნად  არ  გაზრდილა,  რეექსპორტი ოდნავ გაიზარდა, სამაგიეროდ 58 000 ავტომობილია, რომელიც ბაზარზე  გაიჭედა და გაჭედა ბაზარი, ჭარბი მიწოდება მოხდა და იძულებული არიან რომ ეს ავტომობილები გაყიდონ, ცდილობენ რომ თვითღირებულებაში გაყიდონ, ზარალზე მიდიან.სანამ არ ამოიწურება და ეს 58 000 ავტომობილი არ გავა ბაზრიდან, ბუნებრივია იმპორტი შემცირდება, სანამ  სასწორის პინები არ გათანაბრდება.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

commersant.ge