საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მისი ხმა მკაფიოდ ისმოდეს და ეკონომიკის განვითარებასა და წარმატებაზე იყოს ორიენტირებული. ამის შესახებ მან ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

BAG-ის პრეზიდენტმა აქცენტი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ნდობის მნიშვნელობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მხარეებს შორის მუდმივი, პროფესიული და კონსტრუქციული კომუნიკაცია.

„ყოველწლიური კონფერენცია ერთ დარბაზში აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომიკური მომავლის საქმეში განსაკუთრებული წვლილი და როლი შეაქვთ. წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ასოციაციაც. დღეს ის დაახლოებით 1 500 კომპანიას აერთიანებს, ხოლო მიმდინარე წელს ჩვენს რიგებს კიდევ რამდენიმე ათეული ახალი კომპანია შეემატა. ბუნებრივია, ეს ზრდა და ორგანიზაციის მიმართ გამოხატული ნდობა გვახარებს და გვაძლიერებს, თუმცა, ამავდროულად, უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.

ჩვენი ვალია, ქვეყანაში ბიზნესის ხმა იყოს მკაფიო, საქმიანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ წარმატებაზე. ქვეყნის ეკონომიკა მომავლის რწმენით შენდება, ამ რწმენის საფუძველი კი ნდობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემაც - ნდობა და დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ასეთი ნდობის მიღწევა კი მხოლოდ ღია, კონსტრუქციული და პროფესიული დიალოგით არის შესაძლებელი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.