ნედლი ნავთობის ფასის ვარდნა შესაძლოა სრულიად არ იყოს განგაშის საფუძველი ან ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ მსოფლიოს ეკონომიკაში კრიზისული ნიუანსები შეიმჩნევა.
ნავთობის ფასის კლება შეიძლება გამოწვეული იყოს ენერგეტიკულ პროდუქტზე მოთხოვნის სწრაფი კლების გამო, რაც ინვესტორთათვის ცუდი სიგნალი აღმოჩნდა. მსგავს სიტუაციაში ინვეტორები 2015 წლის მიწურულსა და 2016 წლის დასაწყისშიც იყვნენ.
Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ კორბატის განცხადებით, ფიქსირდება ისეთი სიგნალები ბაზარზე, როგორიც 2015 წლის ბოლოსკენ და 2016 წლის დასაწყისში იყო.
„თუ გადავხედავთ მოთხოვნის მრუდს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არსებითი ცვლილება არ ფიქსირდება. დღეს დგას შემდეგი საკითხი - იმოქმედებს თუ არა ფასის ცვლილების მსგავსი ტენდენცია ეკონომიკურ გლობალურ ზრდაზე?“, - განაცხადა მაიკლ კორბატმა.
ანალიტიკოსების აზრი გაყოფილია ორად იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მიმდინარე პერიოდში ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება განპირობებული მასზე მოთხოვნის შემცირებით, თუმცა ის ნათელია, რომ მიწოდების გაზრდა ბაზარზე აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ გაზრდილი მოპოვებით არის განპირობებული. აშშ-მა 2018 წელს ნავთობის დღიური მოპოვება 2.1 მილიონი ბარელით გაზარდა. ეს ფაქტორი ცოტათი განეიტრალდა აშშ-ის მიერ ირანზე სანქციების დაწესებით, თუმცა სანქიცებს ისეთი გავლენა არ ჰქონია როგორსაც მოელოდნენ.
თუმცა, მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს ფასზე. აშშ-ში ნავთობზე მოთხოვნა მაინც სტაბილურია, რასაც ვერ ვიტყვით იგივე ევროპულ და აზიურ ქვეყნებზე. საერთაშორისო ბაზრზე ნავთობის ფასის ზრდის გამო მოსალოდნელი იყო, რომ მასზე მოთხოვნა შემცირდებოდა ისეთი ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა ინდოეთი, ბრაზილია, არგენტინა, რადგან მათი ვალუტები სუსტია და ეკონომიკური აქტიურობაც არ აქვთ სახარბიელო.
რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას სხვა ქვეყნებში, მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია და იაპონია, ეკონომიკური ზრდა შემცირებულია. გერმანია, რომელიც ევროპის ეკონომიკურ გულად მოიაზრება, მსგავს სიტუაციაში 2015 წლის შემდეგ არ აღმოჩენილა.
ასეთი არსებული ეკონომიკური სურათის გამო, სავალუტო ფონდმა, რომელმაც გასულ კვირას გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2019 წლისათვის 2.5%-მდე შეამცირა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2018 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2.9%-ია.
ბაჩანა ჯინჭარაძე
მომზადებულია CNN Business-ის მიხედვით