Home » ბიზნესი » “საფინანსო ინსტიტუტები კომპანიების დაფინანსებისგან თავს იკავებენ “
“საფინანსო ინსტიტუტები კომპანიების დაფინანსებისგან თავს იკავებენ “

“საფინანსო ინსტიტუტები კომპანიების დაფინანსებისგან თავს იკავებენ “

დეველოპერული კომპანია “სვეტი”, ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას, სამშენებლო კომპლექსებისა და კორპუსების მშენებლობა წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ კომპანია ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, უკვე მაღალი ცნობადობით  სარგებლობს საზოგადოებაში. ამის მთავარ მიზეზად, კომპანიის საქველმოქმედო აქცია იქცა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეებს ბინები საჩუქრად გადასცა. უფრო დეტალურად კომპანიის საქმიანობის შესახებ კომპანია “სვეტის” დირექტორი, თორნიკე ჯანელიძე გვესაუბრა.

პირველ რიგში თქვენი კომპანიით რომ დავიწყოთ, რომელ წელს შემოხვედით ქართულ ბაზარზე, ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები და სადაური კაპიტალია?

– ჩვენი კომპანია ერთ წელიწადზე მეტია ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე, თუმცა, დავამატებ იმასაც, რომ დამფუძნებლებს აქვთ 11 წლიანი გამოცდილება სამშენებლო დარგში. კაპიტალი 100%-ით არის ქართული და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პირველად ქართულ ბაზარზე ჩვენ შევძელით 7 წლიანი შიდა უპროცენტო განვადების შეთავაზება. როდესაც ინვესტიცია არის უცხოური, ინვესტორები ცდილობენ მოგებიდან მიღებული თანხის გატანას მოკლევადიან პერიოდში. ჩვენი დამფუძნებლები ცდილობენ შექმნან ბიზნესგარემო, რომელიც გათვლილი იქნება გრძელვადიან პროექტებზე და მოგების რეფინანსირებაზე.

კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას. უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომ ვისაუბროთ და ხომ არ აპირებს კომპანია სხვა ტიპის პროექტების განხორციელებასაც?

– ამ ეტაპზე “სვეტი” ახორციელებს ხუთ პროექტს, რომელთაგან ყველაზე მასშტაბურია “სვეტის ქალაქი”, როგორც შეთავაზებული პირობით, ისე სამშენებლო მოცულობითა და კონცეფციით. ასევე გვაქვს მშენებარე კორპუსები გლდანში, თემქაზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და წერეთლის გამზირზე 27 ნომერში. როგორც ზემოთ ავღნიშნე, კომპანიას გრძელვადიანი ინტერესები აქვს, რის ფარგლებშიც ვგეგმავთ, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების დაწყებას. 2016-ი წლის, პირველ კვარტალში დავიწყებთ, ინფრასტრუქტურულად გამართულ ახალი უბნის მშენებლობას, – “სვეტის ქალაქი 2”.  ჩვენი სამომავლო პროექტების  ფარგლებში მოხდება ინოვატორული პროდუქტების შეთავაზება და დეველოპერული კომპანია “სვეტი” ყოველთვის შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

ეროვნული ვალუტის დევალვაციამ დეველოპერულ კომპანიებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. რამდენად შეეხო ეროვნული ვალუტის რყევა თქვენი კომპანიის საქმიანობას?

–           რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია პრობლემებს უქმნის ყველა დარგს. ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა შიშის ფაქტორს აჩენს მოსახლეობაშიც, რადგან ძირითადად შემოსავლები აქვთ ლარში, ხოლო ვალდებულებების გადახდა უწევთ უცხოურ ვალუტაში. ჩვენს კომპანიას ეროვნული ვალუტის რყევამ გარკვეულწილად შეუმცირა გაყიდვები, მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი შემცირება, რადგან ჩვენი პირობებით, რიგ შემთხვევებში მომხმარებლებს უწევთ თვეში 150 დოლარის გადახდა. შესაბამისად, მოქნილი გადახდის პირობის ხარჯზე ჩვენ შევძელით გაყიდვის ტემპის შენარჩუნება.

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეს სექტორი?

– 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, ხალხის ნდობა სამშენებლო სექტორის მიმართ, საგრძნობლად შეირყა. დღეის მონაცემებით, ამ სფეროში საკმაოდ მაღალი აქტივობაა, ხოლო ბაზრის წილის გადანაწილებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონკურენტუნარიანი ფასი, კომპანიის რეპუტაცია და ინოვატორული პროდუქტების შეთავაზება. უმთავრესი გამოწვევა ჩემი აზრით, არის მშენებლობის დაზღვევის მექანიზმის არ არსებობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კომპანია პირველი იქნება, ვინც ამ გამოწვევას  მიიღებს.

როგორ შეაფასებთ დღეს საბანკო სექტორის როლს დეველოპერულ ბიზნესში, რამდენად არიან ბანკები მზად გასცენ სესხები დეველოპერებზე?

– დეველოპერული კომპანია “სვეტი”, არც ერთ საფინანსო ინსტიტუტთან არ თანამშრომლობს, რადგან გვაქვს, შიდა უპროცენტო განვადების პირობა. ამ გზით, ვაძლევთ საშუალებას ჩვენს კლიენტებს ზედმეტი გართულებების გარეშე შეიძინონ ბინა. დეველოპერული საქმიანობა, მოითხოვს დიდ კაპიტალს და ასოცირებულია მაღალ რისკებთან, ამიტომ საფინანსო ინსტიტუტები თავს იკავებენ კომპანიების დაფინანსებისგან. თუმცა, ბანკებში არსებობენ დეველოპეული სექტორის დეპარტამენტები, რომლებიც ცდილობენ ამ მიმართულებით დახვეწონ საკრედიტო პოლიტიკა და მხარი აუბან დღევანდელ ტენდენციებს.

აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი საქველმოქმედო აქციის შესახებ, რომლის ფარგლებშიცსუხიშვილებისმოცეკვავეებს გადაეცემათ ბინები,…

– ჩვენს კომპანიას დაარსების დღიდან გათავისებული აქვს, სოციალური პასუხისმგებლობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, თუ რატომ მოხდა ჩვენი აქტივობის დაკავშირება სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტთან. როგორც იცით, დასში მოღვაწეობს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი, მათი დაუღალავი შრომის მიღმა დგას მძიმე სოციალური პრობლემები, უმთავრესი გახლავთ საკუთარი საცხოვრებლის პრობლემა. სწორედ ამიტომ, დასის წევრებს გადავეცით 19 ბინა, რაც არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ყველასთვის სასიხარულოა. ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ განხორციელებული ქველმოქმედება, სხვა კომპანიებისთვისაც მისაბაძი იქნება.

 

მომავალში რა პროექტების განხორციელებას გეგმავს კომპანია?

– “სვეტი”, სოციალურ პასუხისმგებლობას მომავალშიც აუცილებლად გაიზიარებს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი გახლავთ “სვეტის შვილები”, სადაც ვგეგმავთ მიუსაფარი ბავშვებისთვის, კერძოდ ათი ბავშვისთვის, სრულფასოვანი განათლების მიცემას და შემდგომში ჩვენს კომპანიაშივე დასაქმებას, რათა მათ შეძლონ საზოგადოებასთან ჯანსაღად ინტეგრირება. როდესაც “სვეტის შვილები” სრულწლოვნები გახდებიან მათ გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები “სვეტის ქალაქში”. ვიმედოვნებთ, ეს პროექტი გახდება მიმბაძველობითი ხასიათის და ბევრი ქართული კომპანია დაგვიჭერს მხარს.

ლაშა ბასლანძე

Share