Home » ფინანსები » სსფ საქართველოს 42,4 მილიონ დოლარს გამოუყოფს
სსფ საქართველოს 42,4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

სსფ საქართველოს 42,4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოში მიმდინარე პროგრამას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ივნისის მონაცემებით, პროგრამით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი შესრულებულია.

შედეგდ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას, ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე (on a lapse of time basis. 1 ).

ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი SDR (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვა 60 მილიონ SDR (84.8 მილიონ აშშ დოლარს) მიაღწევს.

შეგახსენებთ, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, 210.4 მილიონი SDR -ის მოცულობით (დაახლოებით 297.5 მილიონი აშშ დოლარი, ანუ საქართველოს ქვოტის 100%), სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ამა წლის 12 აპრილს დაუმტკიცა.

ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმ რეფორმებს ასახელებს, რომლებიც საქართველოს მაღალი და ინკლუზიური ზრდის მიღწევაში უნდა დაეხმაროს.

ინფრასტრუქტურის დახვეწა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება გააუმჯობესებს ზრდის პერსპექტივებს, – მიიჩნევს სავალუტო ფონდი და სხვა რეფორმების დადებით გავლენებსაც გამოყოფს:

„გაკოტრების შესახებ ახალი კანონი არასაფინანსო კორპორაციებისთვის და ბიზნეს სახლი ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. საპენსიო რეფორმის საფუძველზე გაიზრდება ეროვნული დანაზოგების ხელმისაწვდომობა, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, კონტრიბუციის სახით მიღებული თანხების მობილიზირების შემთხვევაში. კაპიტალის ბაზრების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობის გზით, წაახალისებს კაპიტალის დაგროვებას. შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების რეფორმის პროგრესს“.

ამასთან, სსფ მიუთითებს, რომ საშუალოვადიანი ფისკალური მიზნები, მათ შორის ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები, უნდა შესრულდეს პროგრამით გაწერილ ვადებში, ამასთან, სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განაგრძოს ხარჯვა მაღალპრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

Share