Home » ახალი ამბები » ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საქმიანობაზე დამატებით მონაცემებს გაასაჯაროებს
ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საქმიანობაზე დამატებით მონაცემებს გაასაჯაროებს

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საქმიანობაზე დამატებით მონაცემებს გაასაჯაროებს

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გამოქვეყნებას იწყებს

კერძოდ, მომხმარებელს უკვე შეეძლება კომერციული ბანკების “სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალის“ შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამა თუ იმ ეტაპზე სტატისტიკის მომხმარებელთათვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება ესა თუ ის ინფორმაცია, ეროვნული ბანკი მზადაა გააფართოოს გამოქვეყნებული მონაცემების წრე, მათი დეტალიზაციის გზით. დღეიდან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოს უფრო დეტალური მონაცემები კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ (ცხრილი M3.4)“-ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

კერძოდ, სებ-ის ცნობით, კომერციული ბანკების “სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიდან” და “სხვა არასაპროცენტო ხარჯებიდან” ცალკე გამოიყო მუხლი “სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი”, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების (ჯამურად ბალანსის მუხლების გადაფასებით გამოწვეული წმინდა შემოსავლის/ხარჯის) შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღოს.

ასევე, მუხლიდან “საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან” ცალკე გამოიყო “სესხებსა და სხვა აქტივებზე დარიცხული შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან”. გარდა ამისა, ამიერიდან ზემოაღნიშნული ცხრილის მონაცემები გამოქვეყნდება საანგარიშო თვეების მიხედვით და არა ნაზარდი ჯამით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა.

Share