Home » საზოგადოება » ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი ხომ არ გაგვეუქმებინა
ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი ხომ არ გავაუქმოთ

ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი ხომ არ გაგვეუქმებინა

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის სამთავრობო ცვლიბებს ეხმაურება. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეთი ხომ არ გაგვეუქმებინა

დიდი აურზაურია ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ 18–დან 14 სამინისტრო დარჩა, ავშენდით, აი, 2 სამინისტრო რომ დამატებოდა, დავიქცეოდით. კარგით რა, ხალხო!

ჩემი ფეისბუქ–მეგობრებისთვის მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს.

აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება.

მთავრობის ეს შემადგენლობაც უნიკალურია იმით, რომ მასში არ არის არც ერთი პროფესიონალი პოლიტიკოსი, თუ არ ჩავთვლით სოზარ სუბარს, რომელიც შეესაბამება ამ რანგს და ურთულეს მიმართულებას ღირსეულად ხელმძღვანელობს და თეა წულუკიანს, თუმცა ორივე ფაქტობრივად პოლიტიკაში მთავრობის წევრის ამპლუაში მოგვევლინა. თავისთავად პოლიტიკოსებისადმი უნდობლობა საქართველოში გასაგებია – ხალხს მობეზრდა მათი უნიადაგო პოპულიზმი და კორუფციაში ჩაფლულობა(პოლიტიკოსების ნაწილს ვგულისხმობ, რასაკვირველია), მაგრამ პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, რაც ამ სამთავრობო ცვლილებეშიც გამოჩნდა, მიუღებელი და მავნე პრაქტიკაა.

განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები გაუაზრებელია. გაურკვეველია, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობს მმართველი ძალა, როდესაც 18–დან ამ 14 სამინისტროს ტოვებს და არა 12–ს ან 10–ს.

თუ ენერგეტიკის სამინისტრო გასაუქმებელია(ის კი არ უერთდება ეკონომიკის სამინისტროს, არამედ უქმდება და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში იქმნება ამ მიმართულების ზედამხედველი ერთეული), რატომ არ უნდა გაუქმდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თუ რეფორმა და რევოლუციური ცვლილებები გვინდა რატომ არ გავაუქმებთ კულტურის სამინისტროს და ჯანდაცვას, კულტურას და სპორტს არ გავაერთიანებთ.

ასე, რომ ცვლილებები არ არის სისტემური და კარგად გააზრებული.

მთავრობა, მისი შემადგენლობა და სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს მმართველი პოლიტიკური ძალის მიზნებს და პრიორიტეტებს. თუ ამ კუთხით შევხედავთ განხორციელებულ რეორგანიზაციას თვალნათელი გახდება, რომ სოფლის მეურნეობა ისევ პრიორიტეტია, ოღონდ ხელისუფლებას არ აქვს სოფლის განვითარების მკაფიო კონცეფცია და გეგმა.

რომ გარემოს დაცვა მთავრობის პრიორიტეტი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროებს არაფერი აქვთ საერთო გარდა იმისა, რომ სოფელიც გარემოს ნაწილია, რომ ახალგაზრდობა, რომელიც ამ ქვეყანაში ნორმალურ განათელბას ვერ იღებს და სამუშაო ადგილებს ძნელად პოულობს და ამიტომ უცხოეთში გარბის, არ არის ასევე მთავრობის პრიორიტეტი.

კულტურის სამინისტრო, რომელმაც კულტურას ვერაფერი უშველა, სპორტსაც თუ იმავეს უპირებს, საბოლოოდ წასულა მისი საქმე ხელიდან. თუ სხვა ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა, რომლის დამსახურებაცაა ქართული რაგბის ბოლოდროინდელი წარმატებები, ფეხბურთს, კალათბურთს და ასე შემდეგ, არაფერი ეშველება.

ცხადია, ვინც არაეფექტურია, უნდა წავიდეს სახლში, მაგრამ 300 , 500 ან 1500 კაცის სახლში გაშვებით მიღებული დანაზოგი არ მგონია, რამეს დაეტყოს.

ოპტიმიზაცია ოპტიმალურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და არა ფორმალურ რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ამიტომ, ოპტიმალურია მინისტრთა კაბინეტის ის სტრუქტურა, რომელიც ეფექტიანად იმუშავებს და დასახულ მიზნებს მიაღწევს, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით.

რაც შეეხება პერსონალიებს, პრემიერის პოსტი გიორგი კვირიკაშვილმა შეინარჩუნა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მისი პიროვნული ხედვები პროგრესულია, ის მოსწონთ უცხოელებსაც და არ იწვევს აგრესიას არც ოპოზიციაში და არც ექსპერტ–ანალიტიკოსთა შორის. მან დაკარგა ალექსანდრე ჯეჯელავა, მისი ინიციატივით მთავრობაში მოყვანილი და ვიცე–პრემიერად აღზევებული, მაგრამ პოსტი შეინარჩუნა. უკვე ძნელი სათქმელი ხდება, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი კაბინეტი კვირიკაშვილის გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრად ყოფნისას მისი მოადგილეები – მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სმინისტროს ისევ ხელმძღვანელობს, დიმიტრი ქუმსიშვილი კი მინისტრის პორტფელს ინარჩუნებს, ოღონდ ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელის ამპლუაში. ჯეჯელავა, რომელიც ჩემი აზრით, გონიერი და საკმაოდ ორიგინალური ხედვების მინისტრი იყო, არ იმსახურებდა ამ ექსორიას. მისი გაშვება კვირიკაშვილის მარცხია. არც გიორგი გახარიას გადანაცვლება მოჩანს კვირიკაშვილის ინიციატივად. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის კადრია, თუმცა, ამავე დროს, შესანიშნავი განათლებით, გამოცდილებით და საინტერესო ხედვებით. კვირიკაშვილს ჯერ ალტერნატივა არ სჭირდება, მაგრამ ოდესმე თუ დადგა ასე საკითხი, ჩემი აზრით, გიორგი გახარია მის შემცვლელად ერთ–ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურაა. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილიც ბიძინა ივანიშვილის კადრია და პერსპექტიული პიროვნება, არ მგონია იმ ავადსახსენებელმა „ბღუჯამ“ მის სამთავრობო კარიერაზე გავლენა არ მოახდინოს, არც ლარის ბოლოდროინდელი დრეიფი დარჩება შეუმჩნეველი. ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე ასევე ივანიშვილის კოჰორტიდანაა და ფაქტობრივად პოლიტიკურ კარიერას ფინანსთა მინისტრის პოსტზე იწყებს, ამიტომ ძნელი საპროგნოზოა, როგორი მინისტრი იქნება ის.

ერთადერთი, ვისაც მიეტევება პოლიტიკური კარიერის მინისტრის პორტფელით დაწყება, მიხეილ ჩხენკელია. მას ქართული განათლებაც საფუძვლიანი აქვს მიღებული – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში და უცხოურიც. სათანადო რესპექსით, ბიოგრაფიით და კომპეტენციით აშკარად გამოირჩევა სამთავრობო გუნდში, თუმცა ამოცანები ყველაზე რთული, მას ერგო წილად. ჩვენი განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობის საქმეები იმ მდგომარეობაშია, რომ იქაურ პრობლემებთან ჯადოქარიც და მაგიც კი ვერაფერს გააწყობს, თანაც ამ ბიუჯეტით.

და რახან მთავრობაში 18–დან 14 სამინისტრო დარჩა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია სამზე გავითვალოთ – რათა 14? მაშ რამდენი? 10. რათა 10? მაშ რამდენი? 8. რათა 8? მაშ რამდენი? 16. ა, ამ დონეზეა ჩვენთან რეორგანიზაცია და მისი ამ ფორმით ჩატარების დასაბუთების საქმე. მე ისღა დამრჩენია შევძახო: ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი საერთოდ ხომ არ გაგვეუქმებინა. ეხ, რა ვუყოთ, რომ სუვერენიტეტის ერთ–ერთი ატრიბუტია მთავრობა, თორემ ამით მგონი ქვეყნაში ბევრი არაფერი შეიცვლებოდა” – წერს ბერიძე.

Share