Home » ფინანსები » „დააბრუნონ ბანკებმა ბოლო თვეებში ხაზინიდან წაღებული ფული და ლარის წიოკობაც მორჩება“
„დააბრუნონ ბანკებმა ბოლო თვეებში ხაზინიდან წაღებული ფული და ლარის წიოკობაც მორჩება“

„დააბრუნონ ბანკებმა ბოლო თვეებში ხაზინიდან წაღებული ფული და ლარის წიოკობაც მორჩება“

ლარმა მხოლოდ ერთი დღე შეისვენა და კვლავ გაუფასურების მძიმე გზას დაადგა. წინ ურთულესი ნოემბერ-დეკემბერია, ლარი კი უკვე 2,65-იან ნიშნულზეა.

ორშაბათის უმნიშვნელო გამყარების შემდეგ, ლარმა გაუფასურება განაგრძო და ამჯერად 5 პუნქტით დაეცა. სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობის ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, ამიტომ აქ სხვა მიზეზებია გადამწყვეტი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს. ასეთი დანაპირები ბოლო დღეებში ხელისუფლების ბევრმა წევრმა გასცა, მაგრამ ეროვნულ ვალუტას ჯერ არაფერი ეშველა.

„ლარის კურსის გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით. ვალუტის შემოდინება დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით. არც საგარეო ფაქტორები და არც ფუნდამენტური ეკონომიური ფაქტორები არ იწვევს ლარის კურსზე გავლენას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის გათანაბრებული და შესაბამისად, არანაირი გავლენა არ აქვს ლარის კურსზე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მოლოდინის გამო, რაც მოკლევადიან პერიოდში ხშირად იწვევს კურსის მცირე მერყეობებს… მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კურსის ვარდნაში უშუალოდ მთავრობაა დამნაშავე. ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს კიდევ ასესხა თანხა 50 მილიონი ლარის ოდენობით. ამიტომაც დეპუტატი რომან გოცირიძე ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას პროგნოზირებს:

„არ იშლის ფინანსთა სამინისტრო თავისას. კვლავ მისცა სესხი 50 მილიონი ლარის ოდენობით კომერციულ ბანკებს. კვლავ წავა ლარი ქვემოთ. ეს იმ ვითარებაში, როცა წლის ბოლომდე 2,2 მილიარდი ლარია დასახარჯი ბიუჯეტიდან. ბოლო თეთრამდე დახარჯავენ. აბა, პრემიებს და დანამატებს ხომ არ მოიკლებენ.

მინისტრმა „ფეისბუქპოსტები“ აუფასურებენ ლარსო. ისიც კი ეზარებათ, ერთ პოსტს ათი კონტრპოსტით უპასუხონ და ლარი გაამყარონ. სულ საკუთარ თავზე რომ ანთებენ სანთელს, ერთხელ ლარზეც დაანთონ.

დააბრუნონ ბანკებმა ბოლო თვეებში ხაზინიდან წაღებული ფული, ამავე რაოდენობით შეამციროს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები და ლარის წიოკობაც მორჩება.

როგორ ამტკიცებდა მთავრობა, ხაზინიდან გაცემული სესხები ლარზე არ მოქმედებსო? აბა, რა მოქმედებს, მოლოდინს გაფიცებთ?!“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სპეციალისტებიც ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია ამჯერად პირდაპირ კავშირშია მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკასთან. მათი გადადგმული ნაბიჯები მთელ ქვეყანას წლის ბოლოს ძალიან ცუდად უბრუნდება.

„ეროვნული ვალუტის ასეთი მკვეთრი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან და საქართველოს მთავრობის ხარჯვით პოლიტიკასთან. თუკი მოხდება მეტი ლარის გამოშვება მიმოქცევაში (აქ იგულისხმება რეფინანსირების სესხები და ა.შ.) თავისთავად ცხადია, ლარი დაიწყებს გაუფასურებას, თუ ეროვნული ბანკი ნაკლებ თანხას მიაწვდის ბაზარს, ამ შემთხვევაში ლარის კურსი გამყარდება. ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა, უნდა განუმარტონ მოსახლეობას, რა ხდება სავალუტო ბაზარზე“, – განაცხადა საბანკო სფეროს ექსპერტმა გოჩა თუთბერიძემ.

For.ge

Share