Home » ეკონომიკა » ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – განხორციელებული პროექტები და შესაძლებლობები
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - განხორციელებული პროექტები და შესაძლებლობები

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – განხორციელებული პროექტები და შესაძლებლობები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია საქართველოსა და ზოგადად რეგიონში. ამას მოწმობს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციები:

* ესპანური კაპიტალით ამოქმედებული სპირიტის მწარმოებელი საწარმო;
* ეგვიპტური კაპიტალით ამოქმედებული სატვირთო ავტომობილების ფილტრების წარმოების ხაზი;
* გერმანული კომპანიის მიერ შექმნილი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის (BPO) მიმართულება ზონაში;
* ჩინური ინვესტიციით შექმნილი ფეროშენადნობთა ქარხანა
* აზერბაიჯანული ინვესტიციით ამუშავებული მინა–არმატურის საწარმო

და სხვა არანაკლებ საინტერესო პროექტები.

უცხოური ინვესტიცების მოზიდვაზე საუბრისას ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს დაგეგმილი პროექტები, რომლებიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ასეთი პროექტებია:

• მზის პანელების მწარმოებელი მსხვილი საწარმო გერმანული ინვესტიციით
• ქვის გადამამუშავებელი საწარმო აზერბაიჯანული ინვესტიციით

აღსანიშნავია, რომ ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმართ არამხოლოდ უცხოური კომპანიები გამოთქვამენ ინტერესს, არამედ ქართულებიც. ზონაში მოქმედი კომპანიების 25%–ს სწორედ ქართული კომპანიები წამოადგენენ, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საექსპორტო ბაზრებზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სავაჭრო კომპანიების ინტერესი ჰუალინგის ქუთაისის თიზ–ის მიმართ. მეზობელი და რეგიონული ქვეყნების კომპანიები თავისუფალ ზონას იყენებენ როგორც ერთგვარ ლოგისტიკურ ცენტრს, რათა იმპორტი-დასაწყობება-ექსპორტის რეჟიმში მოახდინონ თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაცია.

ასეთი მზარდი ინტერესი ჰუალინგის თიზ–ის მიმართ გამოწვეულია რიგი უპირატესობებით და შეღავათებით, რომელსაც სთავაზობს თიზ–ი დაინტერესებულ ინვესტორებს. აღნიშნული უპირატესობები შესაძლებელია დაჯგუფდეს 2 ჯგუფად: საგადასახადო შეღავათები და საოპერაციო უპირატესობები.

საგადასახადო შეღავათები: კომპანიები, რომლებიც ჰუალინგის ქუთაისის თიზ–ში საქმიანობენ გათავისუფლებული არიან ყველა სახის კორპორატიული გადასახადებისგან (მოგების გადასახადი – 0%; დივიდენდის გადასახადი – 0%; დღგ – 0%; ქონების გადასახადი; – 0 %; იმპორტის მოსაკრებელი – 0%). საგადასახადო ოპტიმიზაციის მსგავსი შესაძლებლობა გამართულ საბანკო სისტემასთან თანხლებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ჰუალინგის თიზ–ს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

ამასთან ჰუალინგის ქუთაისის თიზ–ში მოქმედებს ყველა ის საბაჟო საგადასახადო შეღავათები, რომელიც აქვს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებთან. ამრიგად, ჰუალინგის თიზ–ში წარმოებული პროდუქცია ნულოვანი საბაჟო ტარიფით შედის ევროკავშირის ქვეყნებში, დსთ–ს ქვყნებში, თურქეთში და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრუების ძალაში შესვლის შემდგომ ჩინეთშიც.

საოპერაციო უპირატესობები:

– პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანიც არის თიზ-ში არსებული ინფრასტრუქტურა, რომელშიც თიზ-ის ადმინისტრაციამ განახორციელა მრავალმილიონიანი ინვესტიცია. ჰუალინგის თიზ-ი განთავსებულია ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე. ადმინისტრაციის მიერ მოხდა აქ არსებული ძველი შენობების კაპიტალური გარემონტება და ისინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც საშუალო და მცირე ინდუსტრიებისთვის, ისე სასაწყობე დანიშნულებისთვის და ა.შ. აღნიშნული შენობების იჯარის წესით მიღება კი შესაძლებელია საუკეთესო ფასად.

– მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა სწრაფი ადმინისტრაციული პროცედურები. ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში მოქმედი საბაჟო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმში. განბაჟებისთვის საჭირო დრო ხშირ შემთხვევაში არ აღემატება 1 საათს. ასევე თიზ-ის მიერ იმ კომპანიებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ მუდმივი წარმომადგენელი ქუთაისში, ხდება საბაჟო საბროკერო და ჩატვირთვა/გადმოტვირთვის მომსახურების შეთავაზება. მეტიც, თიზ-ის ადმინისტრაცია ეხმარება მწარმოებელ კომპანიებს ქართული წარმოშობის სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და შემდგომში აღნიშნული სერტიფიკატის მიღებაში.

– მესამე უპირატესობა დაბალ კომუნალურ ხარჯებს ეხება. თიზ–ში დარეგისტრირებული კომპანია ენერგომატარებლებში იხდის დღგ–ს გარეშე არსებულ ფასს. აქედან გამომდინარე ფასი კომუნალურ მომსახურებაზე 18–%ით ნაკლებია თიზ-ში ვიდრე მის გარეთ. გარდა ამისა თიზ–ის მიერ მოწყობილი შიდა ელექტოფიკაციის ქსელიდან გამომდინარე, თიზ–ის კომპანიები იღებენ დაბალი ძაბვის დენს, თუმცა იხდიან მაღალი ძაბვისთვის განსაზღვრულ დაბალ ტარიფს.

ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები, მრავალ სხვა ლოგისტიკურ, ინფრასტრუქტურულ და მომსახურების მიმართულებით არსებულ ბენეფიტებთან ერთად ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აქცევს ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველ ლოკაციად, რითაც აიხსნება ინვესტორთა მზარდი ინტერესი და უკვე განხორციელებული პროექტების სიმრავლე.

Share