Home » ბიზნესი » საქართველოში მოპოვებული ნავთობი ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 3%-ს აკმაყოფილებს
საქართველოში მოპოვებული ნავთობი ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 3%-ს აკმაყოფილებს

საქართველოში მოპოვებული ნავთობი ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 3%-ს აკმაყოფილებს

2017 წლის პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზი გაიზარდა. კონკრეტულად, ბენზინის შემთხვევაში აქციზი გადასახადის ოდენობა გაორმაგდა, ხოლო დიზელის შემთხვევაში თითქმის გასამმაგდა. ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 90 % -ს სწორედ ბენზინისა და დიზელის საწვავი წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ აქციზის გადასახადი უკლებლივ ყველა ნავთობ პროდუქტზე გაიზარდა, ამან ხელი ვერ შეუშალა ქვეყანაში ექსპორტის ზრდას. უფრო კონკრეტულად კი აქციზის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში შემოვიდა 73.8 მილიონი დოლარით მეტი ნავთობპროდუქტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში და ქვეყნის 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელშიც მოხვდა.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა მთლიანად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობზე საქართველოში ნავთობის მოპოვება მაინც ხდება. ქვეყანაში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული პირველი ცნობები ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებიდან გხვდება. მოპოვება XX საუკუნის 70-ან წლებამდე მიმდინარეობდა შვიდი მცირე ზომის საბადოზე (მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი) და წლიურად, საშუალოდ, 20-55 ათას ტონას შეადგენდა. შემდეგ აღმოჩენილი იქნა მაღალდებეტიანი საბადოები თბილისისპირა რაიონში (სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთ თაღი, თელეთი) და წლიურმა მოპოვებამ – 3 მლნ.ტ-ს გადააჭარბა.

ამჟამად საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში და ახორციელებს საქმიანობის მონიტორინგს და კონტროლს.

საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას ამჟამად 5 ინვესტორი კომპანია ახორციელებს – ”ბლეკ ოილ ენდ გეზი”, ”ჯინდალ პეტროლიუმ (ჯორჯია) ლიმიტედი”, ”ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”, ”ჯორჯია ოილ ენდ გეზი” და “ვი-პი ჯორჯია”, ხოლო დანარჩენი 7 ინვესტორი კომპანია – “სტრეიტ ოილ ენდ გეზი”, “ელენილტო”, “ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი”, ”მარექსინი”, ”სტრეიტ (აჭარა)”, ”ტრანს ატლანტიკი”, ”საქართველოს ნავთობის კონსორციუმი” აწარმოებენ მხოლოდ ძებნა-ძიებით სამუშაოებს. საქართველოში წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება 70,6 ათასი ტონაა.

ქვეყანაში მოპოვებული ნავთობის ძირითადი ნაწილი ადგილზევე გადამუშავდება. საქართველოში არის ორი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა: შპს “გლობუსი” და შპს “ზდ ნავთობის კომპანია”. 2017 წლის მე-III კვარტლის მდგომარეობით საქართველოში ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად წარმოებულია 1775 ტონა ბენზინი და 4426.8 ტონა დიზელი. საორიენტაციოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში წარმოებული ბენზინისა და დიზელის ოდენობა ქვეყნის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 3 % -ს შეადგენს.

შპს “გლობუსის” ქარხანა მდებარეობს ქ. თბილისში რკინიგზის სადგურ “ველის” მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 80.000 ტონას წელიწადში. შპს “ზდ ნავთობის კომპანია” მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ვაზიანის ტერიტორიაზე და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 130.000 ტონას წელიწადში. ქვეყანაში მოპოვებული ნავთობის ხარისხი რეგულირდება საქართველოს მთავრობის ”საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” და ”დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” დადგენილებების შესაბამისად.

პაატა თურქია

Share