მთავარი » საზოგადოება » ,,საქართველო, როგორც კავკასიის ბუნებრივი და კულტურული ცენტრი, სერიოზული საავაიციო ჰაბი შეიძლება გახდეს”
,,საქართველო, როგორც კავკასიის ბუნებრივი და კულტურული ცენტრი, სერიოზული საავაიციო ჰაბი შეიძლება გახდეს”

,,საქართველო, როგორც კავკასიის ბუნებრივი და კულტურული ცენტრი, სერიოზული საავაიციო ჰაბი შეიძლება გახდეს”

“ტურიზმის მთავარ გამოწვევად რჩება უსაფრთხოება და მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიების ლიცენზირება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა”

 

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების სწრაფი ტემპი ადვილი შესამჩნევია. საერთაშორისო დონეზე საქართველოს მარკეტინგულმა კამპანიებმა წარმატებით იმუშავა, რაც ტურისტების რაოდენობაზეც აისახება. სფეროს განვითარებასთან ერთად ვითარდება ქართული კომპანიები, აუმჯობესებენ მომსახურებისა და სერვისის ხარისხის, იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ჯანსაღი კონკურენციის ფონზე მუდმივად ცდილობენ ტენდენციების შესაბამისად განვითარებას. კონკრეტულად რა ეტაპზეა საქართველოში ტურიზმის განვითარება, რა გამოწვევები გვაქვს საქართველოში, ვაკმაყოფილებთ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს, ტურიზმის სფეროს ექსპერტს, „ინტერკო თრეველის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ნინო მახვილაძეს ვესაუბრეთ.

– 26 წელია ტურიზმის ბიზნესში მოღვაწეობთ, საინტერესოა თქვენი გამოცდილების ფონზე, ტურიზმის სფეროს ანალიზი, რა ეტაპები გავიარეთ  და რა ეტაპზე ვართ ახლა?

–  26 წლის წინ საქართველოში არავის ჰქონდა ტურიზმის სფეროს ცოდნა და გამოცდილება, მისი თანამედროვე გაგებით. სფეროს განვითარების გზა დასაწყისში გაუკვალავი იყო და  როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, ასევე მომხმარებლებმა ეტაპობრივად მრავალი სირთულე დავძლიეთ. სამოგზაურო პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებლები უფრო მოქნილი გავხდით, რაშიც გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები და  განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გვეხმარება. რაც შეხეება საქართველოში სტუმრების მიღებას, ინტენსიურმა საერთაშორისო მარკეტინგმა, უდიდესი გავლენა იქონია საქართველოს პოზიციონირებაზე მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, რისი შედეგიცაა ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის მსურველთა სიმრავლე, თუმცა ამ განვითარების ფონზე, სფეროს მთავარ გამოწვევად რჩება უსაფრთხოება, ამ ფაქტორის გარეშე რთულია  პროდუქტის და მომსახურების მიწოდება. ასევე, გამოწვევაა მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და ინდივიდების კვალიფიკაცია, ლიცენზირება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

–  სფეროს განვითარებასთან ერთად იცვლება მოთხოვნებიც და დამოკიდებულებებიც. როგორი ტურისტები არიან ქართველები? დასვენების როგორი ტიპია მათთვის მომხიბვლელი? 

– ქართველები საკმაოდ პრეტენზიული მოგზაურები არიან. ცოტა ვცოდავთ ღირებულებისა და ხარისხის თანაფარდობის შეფასებაში, ვგულისხმობ ფორმულას, მაქსიმუმი მინიმალურ ფასად. რაც შეეხება საყვარელ მიმართულებებს, დასვენება და გართობა ჭარბობს, ვიდრე კულტურული მოგზაურობა. თუმცა, ხშირად ითხოვენ კომბინირებულ ტურებს.  ცხადია, პოპულარობას არ კარგავს  ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კულტურული კავშირები ევროპის ქვეყნებთან. საზღვაო კურორტების მოყვარულები კვლავ მოგზაურობენ ეგვიპტეში, სადაც მზე და სითბო მთელი წლის განმავლობაში ანებივრებს დამსვენებელს და ასევე უხვადაა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები. ბოლო პერიოდში  გაიზარდა ინტერესი აზიის მიმართულებით, განსაკუთრებით ინდოეთის, ტაილანდის, ინდონეზიის, ვიეტნამის და ა.შ.

საქართველოში ჩამოსულ უცხოელი ტურისტებზე რას გვეტყვით, გაზრდილია მათი ინტერესი საქართველოს მიმართ?

– საქართველოში მოგზაურობის მიმართ ინტერესი ნამდვილად გაზრდილია. ბუნებრივი რესურსები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, ასევე თანამედროვე გართობის საშუალებები, სეზონური კურორტების მრავალფეროვნება, თავისთავად დიდი საგანძურია, რაც იზიდავს უცხოელ მოგზაურებს. თუმცა, ინფრასტრუქტურულად ჯერ კიდევ ბევრია გასავითარებელი, ასევე მომსახურების ნაწილში: გიდების, მძღოლების, სასტუმროებისა და კვების ობიექტების პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით.

ეარ ქაიროს შემდეგ ქუვეითის სახელმწიფო ავიახაზები შემოიყვანეთ საქართველოს ბაზარზე, რა როლი აქვს ავიაკომპანიების შემოსვლას და რეგულარულ ფრენებს ქართული ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის?

– საქართველო, როგორც კავკასიის ბუნებრივი და კულტურული ცენტრი, ცხადია სერიოზული საავაიციო ჰაბი შეიძლება გახდეს. ცხადია, მეტი მოგზაური მეტ მნიშვნელობას მატებს ჩვენს ქვეყანას და ეს აისახება როგორც ტურიზმის, ეკონომიკისა და ბევრ სხვა სფეროზე. ზრდადი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის, როგორც საიმედო ბიზნეს ლოკაციის იმიჯს.

თქვენი, როგორც ექსპერტის აზრით, რა არის ის მთავარი მიმართულება, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებას განაპირობებს. მაგალითისთვის, მნიშვნელოვანია თუ არა მსოფილიო ვარსკვლევების ჩამოყვანა, რამდენად ადეკვატურია დანახარჯები და მიღებული შედეგები?

– ცხადია, საერთაშორისოდ ცნობილი არტისტების და სპორტსმენების ჩამოყვანა დადებითი ფაქტორია მარკეტინგული თვალსაზრისით. თუმცა, ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ დამხმარე ფაქტორია. მსოფლიოში უკვე იციან საქართველოს შესახებ, ჩვენი მთის, კულტურის, გასტრონომიის, პოლიფონიის, ღვინის სამშობლოს შესახებ, თუმცა, ვთვლი, რომ  ქვეყნის და მისი კონკრეტული კუთხეების პოპულარიზებიასთვის უფრო ინტენსიური სატელევიზიო, ონლაინ და სოციალური მედიით ფორსირებაა საჭირო. ჩემი აზრით, ეს მიდგომა გაცილებით ზრდის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მასშტაბებს. ამიტომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, ვიდრე ხსენებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებებში. ამასთან, აუცილებელია, ქვეყნის დადებითად პოპულარიზაციაში თავისი როლი შეასრულოს თითოეულმა მოქალაქემ. განსაკუთრებით ჩვენ, ვისაც გვაქვს კავშირები უცხო ქვეყნებში, ასევე ადგილობრივად, იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა და კეთილგანწყობა სტუმრების მიმართ.