სახელი: თინათინი

გვარი: ნიკურაძე

ასაკი: 37 წლის

პროფესია: მონტაჟის რეჟისორი

- თინა, დავიწყოთ თქვენი ცხოვრების ადრეული პერიოდიდან - ბავშვობიდან, სკოლის წლებიდან, რადგანს წორედ ამ პერიოდში ყალიბდება ადამიანი პიროვნებად, ხშირ შემთხვევაში, გარშემო მყოფი ადამიანები განსაზღვრავენ ჩვენს მომავალ ცხოვრებას.

- ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ ბავშვობას და მეც ვფიქრობ, რომ იქიდან ბევრი კარგი რამ მომყვება დღემდე და მეხმარება ცხოვრებაში. დავიბადე და გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ უბანში - პლეხანოვზე, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირზე. აქ ბევრი გამოჩენილი ხელოვანი მოღვაწე ცხოვრობდა. ჩემს ხელოვნებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს  სწორედ მაგ პერიოდს ვუკავშირებ. 24-ე სკოლის დამთავრების შემდეგ, 2003 წელს ჩავაბარე ტექნიკურ უნუვერსიტეტში, ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტზე. სადაც განსაკუთრებით კამერით მუშაობა მიყვარდა. თუმცა დღეს ჩემს მაშინდელ ნამუშევრებს რომ ვუყურებ, რომლითაც მაშინ ვამაყობდი, მეცინება, ვხვდები, რამდენი რამე არ მცოდნია.

- საინტერესოა, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა? 

- 2005 წელს თბილისში სტუდენტთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შესახებ გავიგე. ამ პროგრამაში მონაწილეობდა მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სარეკლამო კომპანია „თიბისი თივი სტუდია”. აპლიკაცია შევავსე, ორი ეტაპი გადავლახე, საბოლოო ეტაპი უშუალოდ დამსაქმებელთან შეხვედრა იყო. გამესაუბრა დირექტორი, ვნერვიულობდი ძალიან, იქვე, უცბად, სარეკლამო სცენარიც დამაწერინეს, როგორც ჩანს, მოეწონათ, რამდენიმე სტუდენტთან ერთად, სტაჟირების გავლა შემომთავაზეს. „თიბისი თივი სტუდია“-ში, თავდაპირველად, რეჟისორის ასისტენტი ვიყავი. თუმცა, სტაჟიორებს სხვადსხვა საქმეს გვავალებდნენ, ვესწრებოდით გადაღებებს, ვეხმარებოდით სცენარისტებს ახალი იდეების მიწოდებაში და კიდევ უამრავი წვრილმანი საქმის კეთება გვიწევდა. მაშინ მემონტაჟის პროფესიაზე არც მიფიქრია. ერთ-ერთ სარეკლამო პროექტზე მუშაობის დროს მომიწია სამონტაჟო პროგრამებთან შეხება, „ადობე პრემიერ“-თან და ასევე „ფაინალ ქათ“-თან, სამონტაჟო პროგრამები იმდენად საოცარი იყო, თავისი განსხვავებული და საინტერესო ფუნქციებით, გადავწყვიტე მისი საფუძვლიანად შესწავლა. ასე შევედი ვიდეო მონტაჟის სამყაროში.

- თქვენ გიწევდათ სხვადასხვა რეჟისორებთან, სცენარისტებთან, პროდიუსერებთან მუშაობა და ურთიერთობა. ეს დიდი გამოცდილებაა ახალგაზრდისთვის, მოგვიყევით ამაზე.

- „თიბისი თივი“-ში ვიმუშავე ექვსი წელი. აქ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, ბევრ კარგ რეჟისორთან ვიმუშავე. თითოეულ მათგანს მუშაობის ინდივიდუალური სტილი აქვს, ვაკვირდებოდი მათ და ვსწავლობდი. ეს დიდი და საჭირო გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. ცოტა ხანში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი მოგვცეს, სადაც ფილმის რეჟისორი უნდა ვყოფილიყავი. ეს პროექტი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის მიერ დაარსებული სკრინინგის ცენტრის შესახებ უნდა ყოფილიყო. წარმოგიდგენიათ, როგორ ვღელავდი? მაგრამ შევძელი ფილმის გაკეთება გვერდში მდგომი პროფესიონალი ადამიანების დახმარებით. შემდეგ იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და სარეკლამო რგოლი, რომლის რეჟისორობაც მე მანდეს. ჩემივე პროექტებს თვითონვე ვამონტაჟებდი სტუდიის გამოცდილი მემონტაჟეების დახმარებით. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გადაღებებზე მეტად მონტაჟი მაინტერესებდა, რომ გადასაღებ მოედანზე მეტად სამონტაჟო ოთახში ვგრძნობდი თავს კომფორტულად და საბოლოოდ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი მემონტაჟე.

- გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.

- 2009 წელს დაიწყო გადაღებები ტელესერიალი „ჟამი ყვავილობისა“. ვერ ვასწრებდით, მონტაჟისთვის ღამეებს ვათენებდით. ასეთი რეჟიმი მაშინ კი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება შევიძინე. რამდენიმე წლის შემდეგ ეს სერიალი აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ტელევიზიამ შეიძინა და უკვე იქ მიგვიწვიეს საკუთარ ქვეყანაზე მორგებული ვარიანტის გასაკეთებლად. შემდეგ, 2011 წელს იყო ტელესერიალი „დეტექტივები“ დამოუკიდებელი საგამოძიებო ისტორიებით.

- ვიცით, რომ თქვენ უამრავ საინტერესო პროექტზე გიმუშავიათ. რამდენიმე ფილმმა საერთაშორისო კონკურსებზეც კი მოიპოვა წარმატება.

- 2012 წელს გადმოვედი საზოგადოებრივ მაუწყებელში, დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, მემონტაჟის პოზიციაზე. ამ ხნის მანძილზე, დავამონტაჟე 40-მდე დოკუმენტური  ფილმი და რამდენიმე სატელევიზიო პროექტი. 2014 წელს დოკუმენტურმა ფილმმა „ვაზში დაკარგულები“, ჩინეთისა და საფრანგეთის ფესტივალებზე დაიმსახურა საუკეთესო რეჟისორის პრიზი და ჟიურის სიმპათია. ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი. 2018 წელს კი ერთ ძალიან საინტერესო რეჟისორთან - თამარა მშვენიერაძესთან მომიწია მუშაობა. თამარამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,მისი საკუთარი ცხოვრება“. ფილმი იმდენად სენსიტიური და გულწრფელი გამოვიდა, რომ მისით მოიხიბლნენ უცხო ქვეყნებშიც სხვადსხვა ფესტივალებზე და დამსახურებული პრიზებიც აიღო. იყო კიდევ ერთი წარმატებული ფილმი  „ტრანსფერი საქართველოში“, რომელიც 2024 წელს წარდგენილი იყო ნიუ-იორკის საერთაშორისო ფესტივალზე.

- თინათინ, ვიცი, რომ თქვენ წლებია, რაც მუშაობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე არსებულ სტუდია ,,ეპოქა“-ში, რომლის ხელმძღვანელი ცნობილი ჟურნალისტი ქეთო სადღობელაშვილია, სტუდიის რეჟისორი - გიორგი ებრალიძე, პროექტის ავტორი კი ნობელის პრემიის კანდიტატი აკა მორჩილაძე. როგორ მოხვდით მათ გუნდში და თვლით თუ არა, რომ ეს არ არის ასე იოლად მისაღწევი?

- მე და ქეთო ერთად ვმუშაობდით დოკუმენტური ფილმების სტუდიაში. იქ მისი არაერთი ფილმი დამიმონტაჟებია და კარგად მიცნობდა, როგორც პროფესიონალს. როცა საკუთარი სტუდია ,,ეპოქა“ შექმნა, შემომთავაზა, მასთან გადავსულიყავი. მეც დავთანხმდი და იქიდან მოყოლებული დღემდე უამრავი ფილმი შევქმენით ამ სტუდიაში. 2016 წლიდან ვმუშაობთ სატელევიზიო გადაცემა „დაკარგულ წიგნებ“-ზე, რომლის ავტორი და წამყვანი აკა მორჩილაძეა, უკვე თითქმის 120 სერია გვაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო მხატვრული ფილმი, მიუზიკლი - „ჯადოსნური ახალი წელი, ერთი კოცნის ისტორია“, რომლის რეჟისორებიც იყვნენ გიორგი ებრალიძე და ჯაბა მელქაძე. მხატვრულ ფილმზე პირველად ვიმუშავე და საუკეთესო გამოცდილება მივიღე. 2019 წლიდან ვთანამშრომლობ სტუდია „ნოვა“-სთან, ვმუშაობდი სხვადასხვა მაღალ რეიტინგიან პროექტებზე, როგორიცაა „ვოისი“, „პოლიციის ფაილები“, „სეანსი“. ხოლო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პროექტად ვთვლი „მასტერშეფ“-ს, მართალია, კულინარიაში ვერაფერი ვისწავლე, მაგრამ პროფესიონალურად ძალიან გამზარდა და წინ წამწია. საკმაოდ რთულია ზღვა მასალისგან პატარა საინტერესო ისტორიის აწყობა, მუსიკით თუ სხვადასხვა ხრიკებით. გადაღებული მასალა ყოველთვის ბევრი იყო და რამდენიმე მემონტაჟე იყო საჭირო. არასდროს დამავიწყდება პროექტის ერთ-ერთი ავტორის ფრაზა - „თინა, მე ყოველთვის ვხვდები, თუ რომელია შენი დამონტაჟებული ნაწილი“.

- ნებისმიერ პროფესიას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ცხადია, მემონტაჟის პროფესიაშიც ასევეა, მოგვიყევით თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ხანდახან რთულ სიტუაციაში ვარ იმის გამო, რომ ავტორთან, ან, რეჟისორთან დათმობაზე მიწევს წასვლა და ვაკეთებ ისე, როგორც მათ მოსწონთ და არა ისე, როგორც მე ვთვლი უკეთესად, როგორც მე ვგრძნობ ამა თუ იმ დეტალს ემოციურ დონეზე. თუმცა, ყოველთვის ვიაზრებ, რომ ეს მათი ფილმია და მე, ვეხმარები მათ მის შექმნაში. ჩემი თითქმის ოცწლიანი უწყვეტი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ მოგწონს ის, რასაც აკეთებ და შესაბამისად, ამისგან იღებ უდიდეს სიამოვნებას, ეს შენი საქმეა. დოკუმენტური ფილმის მონტაჟის დროს ძალიან დიდი დაკვირვებით და სიფაქიზით უნდა მოეპყრო თითოეულ ნიუანსს, რომ რამე არ დააზიანო. ავტორთან და რეჟისორთან ერთად უნდა ააწყო მთავარი გმირის თითოეული ნაბიჯი, გამოხედვა, სიტყვა თუ ამოსუნთქვა, წინასწარ არ იცი, რა გამოვა, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა ჩემი პროფესიის შესახებ. მე ხომ მეტწილად გადაღებებს არ ვესწრები და შეასაბამისად, ფილმის გმირები არ მიცნობენ, არადა ჩემთვის როგორი ახლობელია თითოეული მათგანი, მე ხომ მათ სამონტაჟო ოთახში, დღეების და თვეების მანძილზე ვუყურებ, ვუსმენ, მიყვარდებიან, რამდენი რამე ვიცი მათ შესახებ, უარყოფითი მხარეც სწორედ ეს არის, როცა სადმე თუნდაც ქუჩაში, შემხვედრია რომელიმე მათგანი, ბუნებრივი რეაქცია გამჩენია, მივიდე, ჩავეხუტო როგორც ახლობელ ადამიანს, თუნდაც მივესალმო, ის კი გულგრილად ჩამივლის გვერდზე და არც კი იცის, ვინ ვარ.

- თინა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? აპირებთ თუ არა პროფესიულ საქმიანობაში კიდევ უფრო განვითარდეთ და მეტს მიაღწიოთ?

- ზოგადად არ მიყვარს წინასწარ რაღაცეების დაგეგმვა, თუმცა წინ უამრავი საინტერესო პროექტი მელოდება, სამომავლოდ, მსურს მეტი ვისწავლო და გავიღრმავო ცოდნა და გამოცდილება. მჯერა, რომ არაფერია შეუძლებელი და ყველფერი გამოუვა ადამიანს, თუ მთელს თავის ძალისხმევას ჩადებს ამაში.