ძალიან უარგუმენტოა იმის მტკიცება, რომ ეს კომპანია არის სანქცირებული და რაიმე სახის შეზღუდვა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში. არა ბატონებო, ასე ნამდვილად არ არის და ის, ვინც ფიქრობს ხელი შეუშალოს ამ პროექტს, მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩინური ქარავანი აუცილებლად ივლის შუა დერეფანში და აუცილებლად გაივლის ანაკლიასაც, მიუხედავად ხმაურისა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში ირიცხება.
„დოკუმენტაციას თავიდან ბოლომდე ვსწავლობთ და ცალსახად და პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი არ არის სანქცირებული. რაც შეეხება კონსორციუმში არსებულ კომპანიას, რომელიც დედა კომპანიაა, 2020 წელს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა CCCC-ი შეიყვანა სპეციალურ სიაში, რომელიც გულისხმობს ასეთ რაღაცას, რომ თუ ეს კომპანია და მასთან აფილირებული 5 კომპანია დააპირებს აშშ-იდან ექსპორტზე გაიტანოს რაიმე, ან რეექსპორტი გააკეთოს, ან ერთი კომპანიიდან მეორეში რაიმე ტრანზაქცია განახორციელოს, სპეციალური ნებართვა უნდა აიღოს. არც ფინანსური აქტივების გაყინვა, არც საქმიანობის აკრძალვა, არც ამერიკის რეზიდენტებს უკრძალავს და არც აშშ-ის გარეთ არსებულ ქვეყნებს განახორციელონ რაიმე სერვისის, მომსახურების მიღება ამ კომპანიისგან და მისი შვილობილი კომპანიებისგან.
მეტსაც გეტყვით, ეს კომპანია CCCC-ი ახორციელებს ევროპაში ორ უმსხვილეს პროექტს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი პროექტები აქვს განხორციელებული და კონსორციუმში შემავალი მისი შვილობილი კომპანია, რომელიც ასევე პრეტენდენტია ანაკლიის პროექტის რეალიზაციის, ახორციელებს აღმოსავლეთის და დასავლეთის ჩქარი მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთის მშენებლობას საქართველოში. ჩვენთან მოქმედი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში ეს კომპანიები არ იძებნება. ძალიან უარგუმენტოა იმის მტკიცება, რომ ეს კომპანია არის სანქცირებული და რაიმე სახის შეზღუდვა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში. არა ბატონებო, ასე ნამდვილად არ არის და ის, ვინც ფიქრობს ხელი შეუშალოს ამ პროექტს, მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩინური ქარავანი აუცილებლად ივლის შუა დერეფანში და აუცილებლად გაივლის ანაკლიასაც, მიუხედავად ხმაურისა“, - აღნიშნა გურამიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.