ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, არსებული ელმავლების რემონტი აღარ მოხდება, რადგან ეფექტური არ არის და მოხდება მათი ჩანაცვლება ახალი ელმავლებით.

„სამწუხაროდ, დღეს რკინიგზაში საკმაოდ პრობლემური მდგომარეობაა მოძრავი შემადგენლობის მიმართულებით, როგორც სავაგონო, ისე სალოკომოტივო კუთხით. ჩვენ 30–40 წლის ელმავლებით ვატარებთ ტვირთს, რაც ძალიან დიდი გამოწვევა და პრობლემაა. წარმოუდგენელ პირობებში უწევთ მუშაობა როგორც მემანქანეებს, ასევე მათ, ვინც მოძრაობის ორგანიზებაში არიან ჩართულები. რაც მთავარია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი. შევისყიდით სრულიად ახალ ელმავლებს და გვექნება ახალი სალოკომოტივო პარკი.

ეს რკინიგზისთვის ერთ-ერთი დიდი პროექტია, რომელსაც განვახორციელებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალურად ეფექტიანი ორგანიზება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ მოვახდინოთ ძველი ელმავლების რემონტი, რადგან ისინი ძალიან მოძველებულია და მათი შეკეთება აღარ არის გამართლებული. ვიყიდით ახალ, თანამედროვე ელმავლებს“, - აღნიშნა აბაშიძემ.