ლიბერთი ბანკის, კომპანია სოფტგენისა და ალტე უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალი გაიმართა.
ICPC მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტუდენტურ ტექნოლოგიურ შეჯიბრებად ითვლება, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტების ტექნიკურ კომპეტენციებს, გუნდურ მუშაობასა და მაღალი დატვირთვის პირობებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს აფასებს.
ICPC-ის ნახევარფინალს, რომელშიც 300-მდე გუნდი მონაწილეობდა ერთდროულად ოთხმა ქალაქმა უმასპინძლა, მათ შორის იყო თბილისი.
საქართველოში გამართულ ნახევარფინალში 42 გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ისე აზერბაიჯანისა და სომხეთისა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გუნდები. საბოლოო გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამისტების გუნდმა მოიპოვა.
ლიბერთი, როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორი, წლებია მხარს უჭერს განათლების, ახალგაზრდული პოტენციალისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. ICPC-ის მხარდაჭერა ამ სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების წახალისებასა და საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.
თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი:
,,ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა. წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიგვეღო მონაწილეობა. ტრადიციულად, ლიბერთის თანადგომით, პროგრამისტთა მხარდაჭერის ასოციაცია ატარებს დაპროგრამებაში სტუდენტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ წელს ქართულმა გუნდმა გაიმარჯვა ნახევარფინალურ ეტაპზე. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ყოველწლიურად ათობით ნიჭიერ ახალგაზრდას ეძლევა ჩვენს ბანკში სტაჟირების შესაძლებლობა და მათი უმრავლესობა კარიერულ წინსვლას სწორედ ლიბერთიში აგრძელებს"
რუსო სანაძე, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი:
,,ალტე უნივერსიტეტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრისთვის დიდი პატივია, პარტნიორობა გაუწიოს ICPC მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და კავკასიის რეგიონულ ჩემპიონატს - ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მდგრად ტექნოლოგიურ პლატფორმას რეგიონში.
გუნდების მრავალფეროვნება და საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა მართლაც შთამბეჭდავია. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები მნიშვნელოვანი რესურსია პროფესიული ქსელების გაძლიერებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე. ეს ოლიმპიადა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან და მდგრად ინიციატივას, რომელიც წლების განმავლობაში სისტემურად უწყობს ხელს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას და მათ წარმატებულ პროფესიულ რეალიზაციას ტექნოლოგიურ სფეროში.
ალტე უნივერსიტეტისთვის ICPC-ის პარტნიორობა არის შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური განათლება, კვლევის კულტურა, ინოვაციების მხარდაჭერა და სტუდენტების საერთაშორისო ჩართულობა.
ალტე უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად, კვლავაც დავუჭერთ მხარს ახალგაზრდა პროგრამისტებს, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს გლობალური სტანდარტებით ამოწმებენ და ქმნიან ტექნოლოგიური მომავლის ახალ თაობას.
სოფტგენი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ტრადიციულად არის ამ ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი. კომპანია, რომელიც ქმნის მაღალტექნოლოგიურ პროგრამულ პროდუქტებს, თავისი სტრატეგიის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განათლებას. სოფტგენი მუდმივ რეჟიმში ავითარებს პრაქტიკულ საგანმანათლებლო ჰაბებსა (SoftLab) და საუნივერსიტეტო ლაბორატორიებს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ რეალურ, მაღალი სირთულის პროექტებში და მიიღონ უნიკალური გამოცდილება ინდუსტრიის ლიდერებისგან.
იასონ ზარქუა, ICPC-ის კავკასიის რეგიონის დირექტორი, სოფტგენის დამფუძნებელი:
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით და მასპინძლობით საქართველო ტექნოლოგიური ნიჭის გამოვლენისა და განვითარების რეგიონულ მოთამაშედ ყალიბდება. მადლობას ვუხდით პარტნიორებს - ალტე უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და ლიბერთის მხარდაჭერისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს სტუმრობისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფტგენი არ ჩერდება მიღწევებზე და უკვე მუშაობს ახალ, მასშტაბურ საგანმანათლებლო ინიციატივაზე, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის ზუსტი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სწავლების ხარისხს ქვეყანაში.“













