ევროპარლამენტმა, რეზოლუციით, მოგვიწოდა, რომ უნდა დავუწესოთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, უკან გავიწვიოთ კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, თუ არადა, ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხი დადგება და გავაუქმოთ ანტიელგებეტე კანონმდებლობა. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად გავარჩევთ ამ მოთხოვნების მოტივ-შინაარსს.

– ჩვენ როგორ უნდა დავუწესოთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს და, რაც მთავარია, თავად რატომ არ უწესებენ სანქციებს?

– ჩვენ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ადამიანები კი დიდხანს არ ვცოცხლობთ და ეს დრო ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ადამიანმა ეს ყველაფერი გაიაზროს. შესაბამისად, ამწამიერის, განუმეორებლის, ჯერარსმენილის ეფექტი დამთრგუნველი და თავზარდამცემია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არასდროს არაფერი ხდება ალოგიკური. ცვალებადობა და ჟამთა მონაცვლეობა ისეთივე გარდაუვალი მოცემულობაა, როგორც კაცობრიობის არსებობა და ერთ დღესაც მისი მარადისობად ქცევა და იმქვეყნიურში გადასვლა. ამდენად, სჯობს, შორიდან შევხედოთ იმას, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. საქართველო დამოუკიდებლობას 4-5 საუკუნეს ელოდა, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, შესაბამისად, ვითარებათა გამოისობით, ჩვენ უცებ გავხდით დამოუკიდებლები, რაც ფარდობითი ცნებაა, მაგრამ არსებითად დამოუკიდებლები ვართ 30 წელია. პირველი 3-წლიანი გამოცდილება კრახით დამთავრდა, ახლა ეს 3 წელი იქცა 30 წლად და ჩვენ თითქოს დავიღალეთ თავისუფლებით. გვინდა, ახალი იმპერიული წიაღის მოძებნა ან ძველში დაბრუნება, ამის მომხრეც ბევრია და არის მიეთმოეთი. ბევრი ასპექტი აქვს იმ ყველაფერს, რაც ხდება, მაგრამ მე უფრო თავზარდაცემული ვარ, მაგალითად, 29 აპრილის თავყრილობით. სახელისუფლebო ძალამ გაუკეთა ორგანიზება ამ თავყრილობას და ჩვენ მოვუსმინეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურის, ბიძინა ივანიშვილის, გამაოგნებელ გამოსვლას. გამაოგნებელს არ ვამბობ დადებითი ან უარყოფითი კონოტაციით. გამოსვლა იყო ძალიან ეტაპობრივი, შემაშფოთებელიც და იმედის მომცემიც და რთული სათქმელია, რით დამთავრდება ამ ქვეყნისთვის. ვიცი, რომ მრჩევლების ძლიერი გუნდი ჰყავს. დაახლოებით ვხვდები, რომელი ინტელექტუალის მიერაა ტექსტის ქარგა გაკეთებული – ძალიან პატივსაცემი და გონიერი ადამიანია ის, მაგრამ, რადგან თავად არ სურს გამოჩენა, არ დავასახელებ.

– რამ შეგაშფოთათ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში?

– მენიშნა, რომ საქართველო მზად არის, იბრძოლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისა და უკეთესი მერმისისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვიხილეთ სასწაულიც: გლობალური ომის პარტიის, ანუ დასავლეთის წინააღმდეგ ამბოხებული ქართველი მილიარდერი. და მე ცოტა პათეტიკური ფრაზის გარდა: ძრწოდეთ, დევებო, არაფერი შემიძლია, ვთქვა.

– მან ხომ გაყო დასავლეთი გამოსვლაში. მას არ უთქვამს, რომ სრულიად დასავლეთია გლობალური ომის პარტია.

– იმდენად, რამდენადაც მას არ დაუზუსტებია გლობალური პარტიის ვინაობა და რაობა, არც კონკრეტულად შეერთებული შტატები, „ნატო“, ევროკავშირი უხსენებია, მაგრამ ახსენა გლობალური ომის პარტია, იგულისხმება დომინანტი ძალა, თავისუფალი სამყაროს ლიდერი, რომელიც დღემდე პოლიტიკური პროცესების ავანგარდშია. შესაბამისად, როდესაც გლობალური ომის პარტიის შესახებ მოვისმინე ბატონი ბიძინას განცხადება, არ დამიწყია ცალკეული პირების ძიება და მართალი გითხრათ, არც საწყალი სტოლტენბერგი ამოტივტივებულა ჩემს ცნობიერებაში. მე ვიგულისხმე, რომ ეს დასავლეთის წინააღმდეგ იყო დემარში. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით ამის კონტექსტი და ქვეტექსტები. ვიცით, რომ ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის, ფაქტობრივად, დასანქცირებულია და ამას მოჰყვა კანონპროექტის შემობრუნება, რის მიხედვითაც, აგენტებად გამოცხდდა, ძირითადად, ამერიკული და ევროპული ფულით დაფინანსებული ქართული ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში პროგრესის გარანტი იყო ამ ქვეყანაში. მათი საქმიანობა არც მე მომწონდა და არც მათ რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც გრანტებით იყვნენ უზრუნველყოფილი. ამ დახმარებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა და ეს დახმარება ხორციელდებოდა რუსული ძლიერი გავლენების საპირწონედ.

– უშუალო ურთიერთობა მქონია არასამთავრობო სექტორთან, გამოცემებთან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური გრანტებით და ეს ყოველთვის დასავლური წარმომავლობის ფული არ არის. 2009 წლამდე მართლაც ასრულებდნენ დადებით როლს და დამცავ ფარს ქმნიდნენ. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩემი გამოცდილებით, მე ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ ისინი პროგრესს ემსახურებოდნენ.

– შემიძლია, დღეების განმავლობაში ვისაუბრო იმ უარყოფითის შესახებ, რაც მათ უკეთებიათ და იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის უზარმაზარი ფინანსური ნაკადები, რაც მიიღეს, შესაბამისი მიმართულებით არ წასულა. ეს ეხება შევარდნაძის პერიოდსაც, განსაკუთრებით – სააკაშვილის პერიოდს და ახლანდელსაც ეხება. არსებითი არის ის, რომ ეს სექტორი უნდა შექმნილიყო, რათა აქ ცივილიზებული, დემოკრატიული პრინციპები გამყარებულიყო, რადგან შეუქცევადი არ არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების სვლა ევროკავშირისკენ. არასამთავრობო სექტორს ჰქონდა სერიოზული ფუნქცია, რაც სამივე ხელისუფლებას სათანადოდ უნდა გამოეყენებინა და ამ ხელისუფლებას 12 წელი არ უნდა დასჭირვებოდა იმისთვის, რომ კრიტიკულად შეეხედა არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის საქმიანობისთვის. 30 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, მათგან კარგად დაფინანსებული მეათედიც არაა და ისინი, ძირითადად, ბობოლა ორგანიზაციებია. მაგრამ, თუ სამოქალაქო სექტორი ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რატომ არსებობს და რატომ არ ხდება მისი საქმიანობისა და ფინანსური ნაკადების რეგლამენტირება?! 12 წელი იყო საჭირო ამისთვის?!

– გეთანხმებით, პირადად მე 16 წელია, ამას ვამბობ.

– ამის საპირწონედ რას აკეთებ?! თუ გახსოვთ, ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ფონდი, რომელიც პროექტების კონკურსს ატარებდა და ორგანიზაციები ცოტა ფულს იღებდნენ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეებისთვის. კარგა ხანია, ეს ფონდიც გაქრა, არც ასეთი კონკურსები ტარდება და საზოგადოებრივად, ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე არასამთავრობოები კარგა ხანია, სახელმწიფო ფულით აღარ ფინანსდება და არასახელმწიფო ფულით, ხომ, საერთოდ არც ერთი არასამთავრობო ოფიციალურად და აშკარად არ ფინანსდება. ესე იგი, მათ მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო სექტორი საჭირო არ არის, არც ყურადღებას აქცევენ და არც აფინანსებენ. ხოლო დასავლეთი, რომელმაც იცის ასეთი ორგანიზაციების ძალა, თავისი მიზნების შესაბამისად, ჩვეულებრივ განაგრძობდა, ამ ორგანიზაციების დაფინანსებას. უამრავი ფული იხარჯებოდა სოციალურ პროგრამებზე, შშმ პირებზე, სოფლის მეურნეობაზე, ხელოვნებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ კეთდებოდა იმ მიზნით, რომ, როდესაც საჭირო გახდებოდა, ამ ფულის უკან მდგომი სახელმწიფოებისა და ცენტრებისთვის პოლიტიკური გავლენის გამტარები არასამთავრობოები აქტიურად არ ჩარეულიყვნენ პროცესებში, რაც, საბოლოოდ, განაპირობებდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოსვლას. ასე მოხდა 2003 წელსაც. მერე იმ რეჟიმმა ძალიან ცუდად დაგვამახსოვრა თავი, თორემ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა აუცილებელი იყო. ხოლო, როდესაც მაშინ იწყებ ბრძოლას ამის წინააღმდეგ, როდესაც ამ ქვეყნის პირველ პირსა და მმართველს დაასანქცირებენ, თან, ისე, რომ არ ფიქრობ, რა შედეგის მომტანი იქნება ეს ბრძოლა, ჩემი აზრით, ეს არ მიანიშნებს, რომ დანიის სამეფოში ყველაფერი რიგზეა. ღმერთმა ქნას, ეს ამბოხება ნაცარქექიობით იყოს შებურვილი და უფრო სავალალო შედეგი არ მოიტანოს ჩვენი ბედკრული სამშობლოსთვის.

აქვე მინდა, ვთქვა, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე და ქველმოქმედია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში და იმავდროულად, მე მისი თანმიმდევრული კრიტიკოსი ვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემს კრიტიკას არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მაინც მინდა, ვურჩიო, რომ, როდესაც ასე ვაჟკაცურად ამბობს სათქმელს და მიაჩნია, რომ სხვა მხარე არ არის მართალი, იმავდროულად იფიქროს ქვეყნის ინტერესებზე, რომელიც მას ძალიან უყვარს და რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა. დასავლეთისთვისაც არ არის პრობლემა, ოფიციალურად დაასანქციროს ივანიშვილი, მაგრამ დასავლეთში ბევრი სააზროვნო შრეა და მგონია უფრო იმიტომ არიდებენ თავს ივანიშვილის რეალურ დასანქცირებას, რომ ივანიშვილი საქართველოს ხალხის ინტერესების გამომხატველია და დასავლეთი ერიდება საქართველოს ხალხის მომდურებას. ის ძალები, რომლებსაც დაუპირისპირდა, ძალიან ავტორიტეტულები არიან. მისი ასეთი პრინციპული და თანმიმდევრული ნაბიჯები მისასალმებელია პიროვნულ დონეზე, მაგრამ, ვშიშობ, არ დაზარალდეს ქვეყანა.

– რა შეიძლება, ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი დაუშავოს ამ კანონპროექტმა დასავლეთს საქართველოში, თუ ყველაფერი რიგზეა და კანონიერია?

– ეს კანონპროექტი რაკი გაიწვიეს, აღარ იყო შემოსაბრუნებელი, მაგრამ, რადგან შემობრუნდა, იმდენად ტრანსფორმირებული ვარიანტით უნდა იყოს მიღებული, რომ მან დააკმაყოფილოს ჩვენი დასავლელი, ჯერ კიდევ სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნები, ოპოზიციის მოთხოვნებიც; განსაკუთრებით, ჩვენი ძალიან პრინციპული და განათლებული ახალგაზრდების მოხოვნებიც და არსებითად ისეთი კანონი იქნეს მიღებული, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ დააზიანებს და დაიცავს ნებისმიერ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმას არ უნდა ელოდოს არც ივანიშვილი და არც ვინმე სხვა, რომ 25 000 ახალგაზრდის გამოსვლა არ არის საკმარისი. ამ კანონპროექტით შექმნილი ჩიხი უნდა გადაწყდეს და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არა ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, არამედ ქართველმა საზოგადოებამაც. რომლებსაც არც ერთი მედიასაშუალება არ იმჩნევს.

– რატომ არის ეს „ელ გე ბე ტე“ თემა ასეთი პრინციპული დასავლეთისთვის? დასავლურ მთავარ ღირებულებად იქცა უკვე?

– ეს მნიშვნელოვანი თემაა. ამდენად, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რა წარმოადგენს „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდას. რა ფორმებითა და მეთოდებით შეიძლება, იწარმოებოდეს ის და როდესაც საზოგადოება შეთანხმდება, რომ ეს პროპაგანდაა, ის უეჭველად უნდა იყოს აკრძალული და მკაცრად რეგლამენტებული. რადგანაც ამ ეტაპზე ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, კავკასიის მცხოვრებლები, ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი კულტურა, მეზობლების კულტურა, რელიგიური დამოკიდებულება და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ სფეროში იმავე პრინციპების შემოტანა, როგორც ესაა ევროკავშირის ქვეყნებში, არ იქნება მიზანშეწონილი და გამართლებული, არც ეროვნული და არც ჩვენი ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით. ხაზს ვუსვამ – ამ ეტაპზე და ეს ყველაფერი კარგად უნდა გაცნობიერდეს, რა თქმა უნდა, ამ თემის წარმომადგენელთა უფლებების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფით.

წყარო: Tbiliselebi.ge