საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი შეცვალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა წინამორბედს გაწეული საქმიანობისთვის, კომიტეტის წევრებს კი – მისი კანდიდატურის მხარდაჭერისა და არჩევისთვის.

ეთიკისა და აუდიტის კომიტეტი კლიმატის მწვანე ფონდის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქცია ფონდის ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის წესების შესრულების ზედამხედველობა, ფინანსური კონტროლი, შიდა აუდიტის პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა. კომიტეტი შედგება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებიც, ამავდროულად, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრები არიან. ნინო თანდილაშვილი ფონდის მმართველ საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს წარმოადგენს.

„კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების გლობალურ დღის წესრიგში“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) 2010 წელს დაარსდა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო მექანიზმს, რომელიც ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტების მხარდაჭერას ემსახურება.