თბილისში, საბურთალოს რაიონში სერგო ზაქარიაძის 8 ნომერში მცხოვრებნი ყოფილი ფსიქიატრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე 33-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

როგორც ადგილობრივებმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, 33-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო ზაქარიაძის 8 ნომერში კორპუსის კედლები დაიბზარა, სარდაფში კი ნაპრალები გაჩნდა. მოსახლეობის თქმით, ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეა მიმდებარე ტერიტორიისთვისაც, რადგან კორპუსი მიწისქვეშა წყლიან გრუნტზე შენდება.

„2011 წლიდან დაიწყო პროექტზე მუშაობა ასათიანის ქუჩაზე ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე. 2012 წელს დაამტკიცა პროექტი, რომელიც გულისხმობდა 8 ცათამბჯენის მშენებლობას. პროექტში იყო 8 დაბალსართულიანი კორპუსი, უმეტესწილად დაფარული მწვანე საფარით, მოიცავდა 600-მდე სახეობას მათ შორის ბუჩქოვან, წიწვოვან, ფოთლოვან მცენარეებს და უნიკალური ოაზისი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში. მინიჭებული ჰქონდა სპეციალური მწვანე ზონის სტატუსიც“, - აცხადებენ მოქალაქეები.

მათივე თქმით, ზონალური საბჭოს სხდომის 9-დან 4 წევრი თვლიდა, რომ პროექტს „კატასტროფული შედეგების გამოწვევა შეეძლო“. მოქალაქეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, დავა მოიგეს და პროექტი შეჩერდა, თუმცა მალევე ახალი პროექტი წარმოადგინეს.

„ახალი პროექტით 3 ცათამბჯენი უნდა აშენდეს 8-ის ნაცვლად, აქედან ორი უკვე აშენებულია და მესამეზეა ახლა საუბარი. ეს უნდა იყოს 33-სართულიანი უშუალოდ ზაქარიაძის 8 ნომრის წინ შენდება და მთლიანად ფარავს ჩვენს კორპუსს“, - აცხადებს მოსახლეობა.

მათივე ინფორმაციით, პროექტი კანონდარღვევით ხორციელდება, კერძოდ, ტერიტორია ღირებულების მეოთხედ ფასად გასხვისდა, მწვანე ზონის სტატუსი მოიხსნა, 37 ხმობადი ხის ნაცვლად 50-მდე ჯანსაღი ხე მოიჭრა, პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დაფარულია და გასაჯაროება არ ხდება, არ ჩატარებულა სეისმურ-მედეგობის კვლევა და დარღვეულია იზოლაციის ნაწილი.

„მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს მშენებლობა, გამოთხოვილი იქნას კომისია მერიიდან, რომელიც შეამოწმებს კორპუსის მდგრადობას. როგორც თვითონ წერდნენ, ეს არის კატასტროფა, არამარტო ჩვენი კორპუსისთვის, არამედ მთელი მიმდებარე ტერიტორიებისთვის. იქ არის მიწისქვეშა წყლიანი გრუნტი და აგრესიულ წყლებზე დღესაც ხდება კორპუსის მშენებლობა. პრაქტიკულად, ვართ მსხვერპლი ამ მშენებლობის“, - აცხადებს მოსახლეობას.

გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, 2023 წლის 27 მარტს თბილისის მერიამ შპს „ბიდი ფროფერთის“ 33-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა გამარტივებული წესით მისცა.

„მოქმედი რეგულაციური კანონმდებლობის შესაბამისად, 3 სტადია უნდა გაიაროს მშენებლობის ნებართვამ: 1.ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა, 2. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, 3. მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამივე სტადია არის დარღვეული“, - აცხადებს ადვოკატი.

ზაქარიაძის N8-ის მოსახლეობა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.