„ევროპის ეკონომიკამ აჩვენა, რომ ის არ არის სამობილიზაციო და სამხედრო ეკონომიკა. სამხედრო რელსებზე მისი გადაყვანა არის ძალიან რთული ამოცანა“, – ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ნოდარ კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხზე ევროპის მიერ დასახელებული 800 მილიარდი ძალიან აგონებს მარიო დრაგის რეკომენდაციას, სადაც, რატომღაც, მაინცდამაინც 800 მილიარდის საჭიროება დასახელდა ევროპის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

„არ ვიცი ახლა, ეს რატომ დაემთხვა და მარიო დრაგი სერიოზული სპეციალისტია. მე, როგორც წარმოშობით მაინც სტატისტიკოსი, ეკონომიკის მიმართულებით ვუყურებ ამ ყველაფერს. ევროპის ეკონომიკამ აჩვენა, რომ ის არ არის სამობილიზაციო და სამხედრო ეკონომიკა. სამხედრო რელსებზე მისი გადაყვანა არის ძალიან რთული ამოცანა. მეორე მსოფლიო ომს თუ ავიღებთ მაგალითად, როდესაც ევროპის ეკონომიკა იყო სამხედრო რელსებზე გადასული, სამხედრო რელსებზე ეკონომიკის გადაყვანა რამდენიმე ათწლეული მზადდებოდა და შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ დღეს ევროპის ეკონომიკა არ არის სამხედრო რელსებზე, ხოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ როდესაც ჭურვები გამოილია, მისი დამზადება ვერ შეძლეს საკმაო რაოდენობით; მათ საკმაო რაოდენობით ვერ შეძლეს მძიმე ტექნიკის დამზადება, ხოლო რუსეთის ეკონომიკა საბჭოთა ეკონომიკის მემკვიდრეა და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, თუ ამ საბჭოთა ეკონომიკას მოაშორებ საბაზრო კომპონენტებს და ძველ რელსებზე დააბრუნებ, რუსეთი ძალიან მარტივად გადავიდა სამხედრო რელსებზე. რუსეთი უკვე მთლიანად გადასულია სამხედრო წარმოებაზე და მისი მრეწველობა ძალიან მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება“, – განაცხადა კაპანაძემ.

ნოდარ კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება და დანარჩენი ყველაფერი არის ანტურაჟი და ეს ომი დასასრულისკენ მიდის, რადგან ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, აშშ ამ კონფლიქტიდან გადის, ვინაიდან აშშ-ის შიგნით დღეს ისეთი პროცესები მიდის, რომ მათ ასეთი კონფლიქტებისთვის დრო ნაკლებად დარჩებათ.