15 მაისს, SOCAR Energy Switzerland-მა (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა კომპანიამ) შვეიცარიაში ელექტრომობილების პირველი სწრაფი დამტენი სადგური გაუშვა.

ამის შესახებ haqqin.az-ი SOCAR Energy Switzerland-ზე დაყრდნობით იტყობინება.

2014 წლიდან Socar Energy Switzerland-ს შვეიცარიაში ელექტრო მსუბუქი ავტომობილების დატენვის გამოცდილება აქვს (20 წუთიანი დატენვა ელექტრომობილს საშუალებას აძლევს 100 კმ გაიაროს).

„ხუთშაბათს, ჩვენმა კომპანიამ ელექტრო სატვირთო მანქანების პირველი სწრაფი დამუხტვის სადგური გახსნა A1 ეროვნულ გზატკეცილზე, კიოლიკენ-ნორდის დასასვენებელ ზონაში. ახალი ინფრასტრუქტურა შექმნილია ელექტროფიცირებული მძიმე სატვირთო მანქანების ეფექტური დამუხტვისთვის და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს მდგრადი მობილობისკენ. 400 კვტ-მდე სიმძლავრის სადგური საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს დამუხტვის დრო მძიმე ელექტრო სატვირთო მანქანებისთვისაც კი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური კომპანიებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

2026 წლის ბოლოსთვის SOCAR შვეიცარიაში ელექტრომობილებისა და სატვირთო მანქანების დაახლოებით 100 დამტენი პუნქტის დამონტაჟებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიების ინტერესის გათვალისწინებით, SOCAR Switzeland-მა შვეიცარიაში პირველი წყალბადის საწვავი სადგური 2023 წელს გახსნა და ქვეყანაში ასეთი ობიექტების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას სწავლობს.

ასევე განიხილება ევროპულ კომპანიებთან EW Hofe-სა და Alpiq-თან თანამშრომლობით ფედერაციის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მწვანე დღის წესრიგის შესაბამისად, საპილოტე პროექტის სახით, მცირე ელექტროლიზატორების წარმოების ქარხნის (10 მეგავატი სიმძლავრის) შექმნის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ SOCAR შვეიცარიის ბაზარზე 12 წელზე მეტია წარმოდგენილია და 200-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს მართავს, სადაც მომხმარებლებს სთავაზობენ 92 და 95 ოქტანური ბენზინს, დიზელის საწვავსა და საავტომობილო ზეთებს.

გარდა ამისა, SOCAR, შვეიცარიულ კომპანია South Polar-თან თანამშრომლობით, ანაზღაურებს ნახშირორჟანგის გამოყოფას მომხმარებლების მიერ ბენზინგასამართ სადგურებზე შეძენილი საწვავიდან. შეგროვებული თანხები მდგრადი განვითარების პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება.

SOCAR Switzerland ასევე ყიდის თხევად ბუნებრივ გაზს (SOCAR Gas) მომხმარებლებსა და ბიზნესებს.

SOCAR Switzerland ასევე ოპერირებს შვეიცარიის ავიაციის სექტორში, ციურიხისა და ჟენევის საერთაშორისო აეროპორტებში სხვადასხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს (SOCAR Energy არის ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფის (JIG), საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) და ევროპის ბიზნეს ავიაციის ასოციაციის (EBAA) წევრი.