რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამსახური უახლოეს წლებში სომხეთის ტერიტორიაზე თავის საქმიანობას სრულად შეწყვეტს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მადლიერნი ვართ რუსი მესაზღვრეების, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში სომხეთის საზღვრებს იცავდნენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ დადგა დრო, მომავალ წლებში ჩვენი საზღვრების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა თავად ავიღოთ“, — განაცხადა ფაშინიანმა.
2024 წლის 1-ელ აგვისტოს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ერევნის „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში თავიანთი საქმიანობა დაასრულეს.
2025 წლის იანვრიდან რუსმა მესაზღვრეებმა შეწყვიტეს მუშაობა სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე „აგარაკის“ გამშვებ პუნქტზე, ხოლო იმავე წლის თებერვლიდან — სომხეთ-თურქეთის საზღვარზე არსებულ გამშვებ პუნქტებზეც.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარებთან კოორდინაციით, თურქეთსა და ირანთან სომხეთის საზღვრებს 1992 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იცავდნენ.













