აშშ-ი ტარიფებიდან ყოველდღიურად ორ მილიარდ დოლარს იღებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი აპირებს ტარიფებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებთან ინდივიდუალური გარიგებების დადებას.

„ჩვენ ვიღებთ დღეში თითქმის ორ მილიარდ დოლარს ტარიფებიდან, ორ მილიარდს დღეში. ჩვენ ძალიან კარგად ვართ. ვაფორმებთ ინდივიდუალურ გარიგებებს და არა სტანდარტულს. გარიგების გასაფორმებლად ახლა იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვებიც ჩამოფრინდებიან. ჩემი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ დარწმუნებული არ ვარ, საკმარისი დრო მაქვს, თუ არა. ბევრი ქვეყანა გვეწვევა. მათ სურთ გარიგებების დადება. ორი, სამი ან ხუთი წლის წინ რომ მეთქვა ამ გარიგებების შესახებ, დაგვცინებდნენ. ახლა კი ყველა ხელს აწერს“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, წლების განმავლობაში ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი და სხვები, სარგებლობდნენ შეერთებული შტატებით და ეს შეწყდა მას შემდეგ, რაც თავად გახდა პრეზიდენტი.

„ამერიკა ძალიან მალე კვლავ მდიდარი გახდება. ამას მალე ნახავთ. მთელი ეს სიტუაცია ცოტა ფეთქებადი იყო, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ახლა ასე ვერ ვისაუბრებდით. საოცარია, რაც მოხდა. ჩვენ გვქონდა საუბრები ბევრ, 70-ზე მეტ ქვეყანასთან. ყველას სურს გარიგება. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამდენს ასე სწრაფად ვერ ვნახავთ, მაგრამ არც გვჭირდება, რადგან, როგორც იცით, ტარიფები მოქმედებს და ფული შემოედინება ისეთი მასშტაბით, როგორიც არასდროს გვინახავს.

ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოყენებული ტარიფების სიტუაციით. მათ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს ტარიფები. ჩვენ არ გამოგვიყენებია ტარიფები მათ წინააღმდეგ ან რაიმე ფორმით. ახლა ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ტარიფები ავტომობილებზე, ხე-ტყეზე, ფოლადსა და ალუმინზე. ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოლადის ქარხნები შენდება“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge