TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოხდება, ეს ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახება, რომელიც დღეისთვის ბოლო 12 თვეა სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბლაა, თუმცა რამდენიმე თვის მანძილზე შესამჩნევია მისი თანდათანობითი მატება.

"საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსის კუთხით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის მხრივ, შეფასება ნეიტრალური ან პოზიტიურია. რას გულისხმობს ამ შემთხვევაში პოზიტიური? მართალია წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ სამიზნეზე დაბლაა, თუმცა გაწლიურებული ყოველთვიური მაჩვენებლები უკვე 3%-ზე მაღალია და ლარის გაუფასურების შემთხვევაში, თავისთავად, ინფლაცია კიდევ მოიმატებს.

ამდენად, მოცემული ჩარჩოს 3 ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, განსხვავებით ადრინდელი საბაზო სცენარისა, სადაც ლარის მცირედით, მაგრამ სწორედ გაუფასურება მოიაზრებოდა", - ნათქვამია მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.

2024 წლის მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა, რაც ბოლო 12 თვის განმავლობაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამასთან, თუკი თებერვალში ინფლაცია 0.3% იყო, ის მარტში ჯერ 0.5%-მდე, აპრილში 1.5%-მდე, მაისში კი 2%-მდე გაიზარდა.

bm.ge