ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ უძრავი ქონების ფასი გაცილებით მეტად გაიზრდება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს.

მისი თქმით, გარე ფაქტორების გარეშე, ბაზრის ბუნებრივი ზრდა წლიურად 10-15%-ია. კანდიდატის სტატუსი კი მაჩვენებელს ბევრად გაზრდის.

„თუ გარე ფაქტორებს არ ჩავთვლით, მათ შორის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ბაზარი წლიურად 10-15%-ით იზრდებოდა. ეს იყო პანდემიამდე. პანდემიის პერიოდში გაჩერდა ეს ზრდა და შემდეგ იყო რუსეთის აგრესია, ომი უკრაინაში და მივიღეთ სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასი, თვითღირებულების რეკორდული მატება. დამატებით, მიგრანტების ეფექტმა გამოიწვია უძრავი ქონების ფასების ზრდა, თუმცა, მიმდინარე წელს დავუბრუნდით პანდემიამდე არსებულ ზრდას - როცა წლიურად 10-15%-ის ფარგლებში იზრდებოდა უძრავი ქონების ბაზარი და ეს არის ბუნებრივი ზრდა ჩვენი ბაზრისთვის.

თუმცა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სტატუსი ამ პროცესსაც განსხვავებულს მოგვცემს მომავალ წლებში. მე მაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც სტატუსს მივიღებთ, უძრავი ქონების ფასი გაცილებით მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს ზრდის ბუნებრივი ტემპია“ - აცხადებს ბესო ორთოიძე „ბიზნესპარტნიორთან“.