რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს, რაც მიმართული იქნება საწვავზე ადგილობრივი დეფიციტის შემცირებისკენ. ამის შესახებ სტატიას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით "როიტერი" აქვეყნებს. გამოცემამ კითხვით მიმართა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა მათგან აღნიშნულ საკითხზე განმარტება არ მიუღიათ.

რუსეთის ფედერაცია ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს ივლისიდან სახელმწიფო სუბსიდიას გაუნახევრებს, რაც ხარჯების დაზოგვის მიზნით გაკეთდება.

2023 წლის თებერვლიდან ევროკავშირმა რუსული გადამუშავებული ნავთობის იმპორტი აკრძალა, რაც დიზელს, ბენზინს, საავიაციო ნავთს და სხვა პროდუქტებს უკავშირდებოდა. ამის საპასუხოდ, რუსეთმა ამ პროდუქტების ექსპორტი გაზარდა სხვა ქვეყნებში, მათ შორის აფრიკის კონტინენტზე, თუმცა იქ განსხვავებულ შემოსავალს იღებს.

რუსეთში "რეგულარის" მარკის ბენზინის ღირებულებამ 2021 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასს მიაღწია, ხოლო "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა და ტონაზე 778 დოლარი შეადგინა.

მაისში რუსეთმა 200 000 ტონა გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც ზამთრის თვეებში ექსპორტი თვეში 600 000-700 000 ტონა იყო. ადგილობრივი მოხმარება კი პერიოდში თვეში 3 მილიონ ტონას შეადგენდა.