ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ჯერჯერობით ზომიერად უარყოფითი, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან აშშ-ს ახალ სატარიფო პოლიტიკის კომენტირებისას თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გამყარებაში მიმდინარე მოვლენებს დიდი წვლილი არ შეუტანია, რადგანაც განმსაზღვრელი მაინც წმინდა სავალუტო შემოდინებები და სენტიმენტებია.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ საერთაშორისო ბაზრებზე, ტარიფების შემოღება აშშ დოლარის გამყარების არგუმენტად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა შეფასება, რომ უარყოფითი ზეგავლენა ამერიკის ეკონომიკაზეც დიდი იქნება და სადღეისოდ აქციების ფასების ვარდნასთან ერთად სახეზეა უკვე დოლარის დასუსტება.

აღნიშნული, კიდევ ერთხელ მიუთითებს ბაზრებზე მოლოდინების საკმაოდ მკვეთრ ცვლილებებს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, გადაწყვეტილებების მიღებისას, ასე ვთქვათ გადაჭარბებული რეაქცია არ გვქონდეს. მაგალითად, თუკი ახლა დოლარის დამატებით დასუსტებაზეა უფრო მეტი აქცენტი, კარგი კითხვაა თუ რატომ არაა ეს უკვე ასახული გაცვლით კურსში. ამ მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო საშუალოვადიანი ინდიკატორები მეტად სანდოა, რაც თიბისი კაპიტალის ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის ჩარჩოში არის ასახული.

ლარის კურსის კუთხით, თავისთავად, ევროს დოლართან გამყარება ლარი/დოლარის წყვილზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ლარის ბოლოდროინდელ გამყარებაში ეს ძირითადი ფაქტორი არ ყოფილა, რადგანაც განმსაზღვრელი მაინც წმინდა სავალუტო შემოდინებები და სენტიმენტებია. ამავდროულად, ევროს გარდა გასათვალისწინებელია სხვა რეგიონული ვალუტების დინამიკაც. უფრო მეტიც, არსებულ ვითარებაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ გლობალურად ეკონომიკური აქტივობის კუთხით ტარიფებს მნიშვნელოვნად ნეგატიური ეფექტი ექნება, ლარი/დოლარის წყვილზე, დოლარის დასუსტების მიუხედავად, მთლიანობაში უფრო ნეიტრალურ ეფექტს ვიტყოდი, ვიდრე პოზიტიურს“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

თიბისი კაპიტალის მთავრის ეკონომისტის თქმით, აშშ-ს სატარიფო პოლიტიკას ქვეყნის ეკონომიკაზე საკმაოდ ზომიერი, თუმცა მაინც ნეგატიური ეფექტი ექნება.

„ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ამ მხრივ ჯამურად საკმაოდ ზომიერი, თუმცა მაინც ნეგატიური ეფექტი იკვეთება. თავისთავად, უშუალოდ ამერიკის ეკონომიკიდან გადმოცემა დიდი ვერ იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია უარყოფითი ეფექტი, იგივე ევროზონის, ჩინეთის და სასაქონლო პროდუქტების უფრო დაბალი ფასების გამო რეგიონის ეკონომიკებზე. მთლიანობაში ზეგავლენის არაერთი პირდაპირი და ირიბი არხია. ამასთან, საერთაშორისო მასშტაბით სადღეისოდ არსებული შეფასებებით, რაოდენობრივი თვალსაზრისით ვიტყოდი რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენა დაახლოებით 1% თუ იქნება“, - აცხადებს ოთარ ნადარაია. 

წყარო: Business Insider Georgia