საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ინიციატივა პარლამენტის მმართველი გუნდის დეპუტატებს ეკუთვნით. ცვლილებები მიზნად ისახავს იმ ქართული კომპანიების იურიდიული მფლობელობის საქართველოში დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად ოფშორულ კომპანიებზე არის რეგისტრირებული.

კანონპროექტის თანახმად, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება და დაბეგვრისგან გათავისუფლდება ამ კომპანიების მიერ საქართველოში შემოტანილი აქტივებიც.

საქმე ისაა, რომ ათობით მსხვილი ქართული კომპანია ამჟამად საგადასახადო უპირატესობების მოპოვების, თუ საკუთარი აქტივების დაცვის მოტივით იურიდიულად ოფშორული კომპანიის მფლობელობაშია. ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება მსხვილი მეტალურგიული ქარხნები, დეველოპერული კომპანიები, კომერციული ბანკი, სასტუმროები და სხვა მრავალი კომპანიები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ.

პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1 იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

კანონპროექტის განმარტებით ბარათს თან არ ახლავს ის შესაძლო კალკულაცია, თუ რამდენი მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალს შეიძლება შეეხოს აღნიშნული შეღავათი.

კანონპროექტის ავტორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი.