პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის გეგმებსა და მიზნებზე საუბრობს.
როგორც მან პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა, მთავრობას მომდევნო წლებში ამბიციური მიზნები აქვს შესასრულებელი.
„დღეს ახალი შემადგენლობით [მთავრობის] პირველის ხდომა იმართება. მინდა ყველას მოგილოცოთ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიერ და პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა ამისთვის, ეს არის ჩვენი პროგრამა, რომელიც წარდგენილი იქნა პარლამენტის, საზოგადოების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ჩვენი გეგმა, პროგრამა პირნათლად შევასრულოთ, შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
როგორც მოგეხსენებათ, ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენი მიზანია 4 წელიწადში 130 მილიარდ ლარამდე გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ტენდენციები არის ძალიან კარგი. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები „საქსტატის“ მიერ. წინა თვეში, მიუხედავად იმისა, რომ იყო საარჩევნო თვე და არჩევნებთან არის ხოლმე დაკავშირებული გარკვეული შიშები, ამის მიუხედავად წინა თვეში, ოქტომბრის თვეში, ეკონომიკურმა ზრდამ 11% შეადგინა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნა ნიშნულს. ჩვენ გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, პირველი ათი თვის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ვინარჩუნებთ არსებულ ტემპსა და ტენდენციის და ამის შენარჩუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. სწორედ ამ ტემპით შევძლებთ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მილიარდი ლარი, 4 წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი იქნება 40 მილიარდ ლარზე მეტი. ეს ყველაფერი მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, მოსახლეობაზე ზრუნვის საშუალებას. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ასევე, ჩვენი პროგრამის მიხედვით, დაგეგმილი 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური. ჩვენ გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ამის გამო, 4%-იან ნიშნულს ჩამოსცდება ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელია. ესეც მართალია არის ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი 4 წლის თავზე გაიზრდება 3500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის 2000 ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც.
ამბიციური და შესრულებადი მიზანია, სიღარიბე 4%-ს რომ ჩამოსცდეს, 4 წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადების ფუნქციის გაძლიერება. ამ კუთხით გვაქვს დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელიც მსოფლიოსა და რეგიონში ვითარდება. ამისთვის, საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. იცით, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
გვაქვს ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით - ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას. ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ამბიციური მიზნები - 8000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა განვითარებამ და ელექტროენერგიის გამომუშავებამ 4 წელიწადში. უკვე დაწყებულია ამასთან დაკავშირებით მუშაობა და პროცესები გრძელდება“,- განაცხადა კობახიძემ.