საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ  დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  შეხვედრის შემდეგ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით მათი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გაჟღერდა ორ რამეს მოემსახურება:

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში  ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის, თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებით ზეგავლენას მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. მეორე, ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი ბაზრისთვის.

ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.