სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 25.6 ლარით არის გაზრდილი. გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.4 ლარი იყო.

2022 წლის თებერვალში კი საარსებო მინიმუმი 231.3 ლარს შეადგენდა.

2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით შემცირდა. 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 256.9 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-2 თვეში 227.1ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის იანვარში - 227.5 ლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში - 204.9 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.