დღესდღეობით არსებული პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც კადრებს ზრდიან, ეს არის წყალში გადაყრილი ფული - ამ სასწავლებლებით ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით ცოდნას იღებენ, მაგრამ რეალურად, ბაზარზე მოთხოვნადი ნაკლებად არის, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ კადრების დეფიციტის პრობლემაზე საუბარი მთავარი არ არის, აუცილებელია ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა.

„არა მარტო სარესტორნო სფეროში, არამედ ყველა სფეროში კადრების დეფიციტია. აქ საუბარი პროფესიონალ კადრებზე არ არის, აქ საუბარია ადამიანებზე, ვისაც მუშაობის სურვილი ექნებოდა. მხოლოდ პრობლემაზე საუბარი მთავარი არ არის, აუცილებელია ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა. სახელმწიფოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ, პროფესიული სასწავლებლების შექმნას.

დღესდღეობით არსებული პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც კადრებს ზრდიან, რეალურად, წყალში გადაყრილი ფულია. ამ სასწავლებლებით ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით ცოდნას იღებენ, მაგრამ რეალურად, ბაზარზე მოთხოვნადი ნაკლებად არის. შესაბამისად, ის თანხები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იხარჯება, ისევ და ისევ არაპროფესიონალ უმუშევრებს ქმნის. ჩვენს ქვეყანაში სასწავლებლებთან დაკავშირებით შექმნილი არის აიპი, რომელიც ამ კუთხით ზრუნავს.

სწორედ, ბიზნესის დაკვეთით ამ კადრების გაზრდა უნდა მოხდეს, რომელიც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ უნარ-ჩვევების სააგენტომ ამაზე მუშაობა დაიწყო და პირველი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ამას მეორე ნაბიჯები მოჰყვება. შესაბამისად, ჩვენ იმ მიზანს მივაღწევთ, რომელი შედეგიც სასურველია. ეს არა მარტო პროფესიონალი კადრების გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს, არამედ შესაძლებლობას გვაძლევს საზოგადოებაში საშუალო ფენა შეიქმნას“, - ამის შესახებ შოთა ბურჯანაძემ, „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განმარტებით, ე.წ. გასტარბაიტერების „საქართველოში ჩამოყვანა გარდაუვალია.“