XXI საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში, ავსტრალიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი, რომელშიც 25 ღერია, 50 ავსტრალიური დოლარი გახდა, რაც 30 ევროს ექვივალენტია. მას შემდეგ, ავსტრალიაში, ყოველდღიურად მწეველთა პროცენტული მაჩვენებელი მუდმივად მცირდება. არის თუ არა სიგარეტის გაძვირება მოწევასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება? ამ კითხვას „თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს“ (ანუ 31 მაისს) Décrypte-ის გუნდი მკაფიოდ პასუხობს. ის ამისთვის, მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნებში სიგარეტზე ფასების დინამიკას თამბაქოს მოხმარების სტატისტიკასთან ადარებს.

რა ღირს სიგარეტის ნამწვი რომიდან რიომდე?

ავიღოთ ერთი კოლოფი „მარლბორო“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სიგარეტის ბრენდია 1972 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც „ფილიპ მორისმა“ მისი წარმოება დაიწყო. 2020 წელს მხოლოდ ამ ბრენდზე მოდიოდა მსოფლიოს 180 ქვეყანაში სიგარეტის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 37%. მათ შორისაა ავსტრალიაც, სადაც ერთი კოლოფი 24 ევროზე მეტი ღირს. ეს 24-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ნიგერიაში - ყველაზე დაბალი ტარიფის მქონე ქვეყანაში. 

ვინაიდან ერთი და იგივე თანხა ყველა ქვეყანაში ერთნაირ სიმდიდრეს არ წარმოადგენს, საინტერესოა შედარების გაკეთება მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. ავიღოთ ევროკავშირის ქვეყნები - ირლანდიაში თამბაქოს ფასი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ბულგარეთში და 149%-ით მაღალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ფასების ასეთი ფართო დიაპაზონი, ძირითადად, განპირობებულია სხვადასხვა ქვეყანაში თამბაქოს პროდუქციაზე დაწესებულ აქციზებს (ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებაზე დაწესებული გადასახადი) შორის არსებული დიდი სხვაობით. ამ შემთხვევაში, „ევროკავშირის კანონმდებლობა მხოლოდ შეთანხმებულ მინიმალურ განაკვეთებს ადგენს. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ აქციზის უფრო მაღალი განაკვეთები, მათი ეროვნული საჭიროებების შესაბამისად“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის მოქმედი რეგულაციები ამჟამად გადასინჯვის პროცესშია.

ფასი: უდავო გავლენა მოხმარებაზე

ასეთი მაღალი ფასების გამო, არის თუ არა ირლანდია ის ქვეყანა, სადაც ყველაზე ნაკლები მწეველია? მართალია, ამ კუთხით ის პირველ ადგილზე არ არის, მაგრამ მასთან ახლოსაა. შვედეთის, ფინეთის, ლუქსემბურგის, პორტუგალიისა და დანიის შემდეგ, ირლანდიაში ყოველდღიურად მწეველთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა (13,8%) ცხოვრობს. რეკორდი კი შვედეთს ეკუთვნის, სადაც „მხოლოდ“ 6.4%-ია ყოველდღიურად მწეველი. ეს მაჩვენებელი, თავის მხრივ, თითქმის ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე ბულგარეთში.

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი გავლენას ახდენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებაზე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სწორედ ფასია მოწევის ყველაზე ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი. ამ კუთხით, კიბოს ფონდი ემხრობა ფასების ერთჯერად, არსებითად გაზრდას და არა მცირე დოზებით მატების სერიას. ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ვანდერ სტეიხელმა, ჯერ კიდევ 2020 წელს აღნიშნა, რომ „ფასის დაახლოებით 10%-ით გაზრდის შემთხვევაში, მოხმარება საშუალოდ 4%-ით მცირდება“. ბელგიაში ყოველდღიურად მოსახლეობის 14,6% ეწევა. მათი 4,9% კი - 20-ზე მეტ ღერს დღეში.

ფასის ზრდა და კონტრაბანდა?

კიბოს ფონდის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ფასების უფრო მეტად გაზრდა თამბაქოს კონტრაბანდის ზრდას გამოიწვევს. „გლობალურად, კონტრაბანდა იმ ქვეყნებში უფროა გავრცელებულია, სადაც თამბაქოს ფასი ისედაც ყველაზე დაბალია“, - ნათქვამია ფონდის ვებსაიტზე. უკანონო ვაჭრობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასზე, არამედ ბევრ სხვა ფაქტორზეც - არაეფექტური საბაჟო კონტროლი, კორუფციის მაღალი დონე და ქვეყანაში კრიმინალური ორგანიზაციების არსებობა ასევე ხელს უწყობს სიგარეტის არალეგალურ გაყიდვას.

წყარო: 1tv.ge