გიორგი ქადაგიძის მოწოდება საბანკო სექტორში დასაქმებული ადამიანების გაფიცვასთან დაკავშირებით, არის უპასუხისმგებლო განცხადება და მიზნად ისახავს საფინანსო სექტორის ისეთ რყევებს, რომელმაც, შესაძლოა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომისტმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა.
„ვის, თუ არა მას, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის მდგრადობა ქვეყანაში და რამდენად სენსიტიურად მოქმედებს გაფიცვები თუ სხვა უარყოფითი ფაქტორები ამ სექტორზე. ჩვენ დღეს გვაქვს საკმაოდ განვითარებული და მდგრადი საფინანსო სექტორი მთელს რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, იგი მძიმე რყევებსაც გაუძლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსგავსი მოწოდებები დაუშვებელია და ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატია-ანთიპატიისა უნდა მოერიდოს განცხადებებს, რომელიც მხოლოდ საფინანსო სექტორისთვის პრობლემების შექმნას და ქვეყნის უკუსვლას ისახავს მიზნად,“ - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
რაც შეეხება იმას, თუ რას გამოიწვევს ეს განცხადება - კაპანაძე დარწმუნებულია, რომ მსგავს გაფიცვებს ადგილი არ ექნება და საბანკო სექტორში დასაქმებული ადამიანები, კარგად გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას რაც მათ აკისრიათ ქვეყნის მდგრადობისა და განვითარების მიმართ. ამავდროულად, თავად ქართული საფინანსო სექტორი არის საკმარისად მდგრადი და ლიკვიდური, ბანკებს გააჩნიათ შესაბამისი ბუფერები, რათა გაუმკლავდნენ ყველანაირ შოკებს.
"ლიკვიდური აქტივების მოცულობა დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა. თუმცა, მოდით განვიხილოთ ყველაზე უარყოფითი სცენარიც და ის, თუ რა სურს რეალურად ქადაგიძეს - რამდენადაც მე ვხვდები, მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და მზადაა ყველაფრის, თუნდაც საფინანსო სექტორის ჩამოშლის, ქვეყნის უკუსვლისა და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი პრობლემების შექმნის ფასად მიაღწიოს მას. საფინანსო სექტორის ჩამოშლა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ეკონომიკური ვარდნა - არამხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებას დააზარალებს, არამედ თუკი პოლიტიკური ცვლილება მოხდა, რაც ქადაგიძეს სურს, მომდევნო ხელისუფლებებსაც მოუწევთ შექმნილი პრობლემების გამოსწორება, თანაც დიდი ხნის განმავლობაში.
საქართველომ ეს გზა წლების წინ უკვე გაიარა, ამიტომაც მიმაჩნია მსგავსი განცხადებები უპასუხისმგებლობად და იმისიც მჯერა, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიიცის მქონე და დღეს აქციაზე მდგომი ადამიანების უდიდესი ნაწილის სურვილი ქვეყნის წინსვლაა და არა მისი საფინანსო სექტორის ჩამოშლა და ეკონომიკური უკუსვლა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და მოერიდოს ისეთ განცხადებებს, რომელმაც შესაძლოა, არამხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალ თაობებსაც კი მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას,"-აცხადებს კაპანაძე.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სოციალურ ქსელში საბანკო სფეროში დასაქმებულებს მიმართა და გაფიცვისკენ მოუწოდა.
"საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო!!! დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი:#გაიფიცეთ – ეს თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.#გაიფიცეთ – ამით ეხმარებით აქცებზე უკანონოდ დაკავებულებს, ნაცემებს, გაგუდულებს.#გაიფიცეთ – გადაარჩინეთ ქვეყანა იზოლაციისგან, რომელიც გააკოტრებს და ჩამოშლის საბანკო სისტემას,"-წერს გიორგი ქადაგიძე.
bp.ge