ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში კომპანია „ფოლად იოლის“ გურიის ზონის მთავარ ოფისთან, შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული პირები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, ექვსი თვეა კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ.
შეკრებილების თქმით, კომპანიის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ ყურბან ბაირამის დღესასწაულის შემდეგ, ხელფასებს აუნაზღაურებდნენ, თუმცა დაპირება არ შეასრულეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, აჭარის ზონაში დასაქმებულებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, კომპანიის მიმართ იგივე მოთხოვნები აქვთ.
„მუშების ნაწილს, 20 000, 15 000 და 272 ათასი ლარი აქვთ ასაღები. ასევე, მძიმე ტექნიკა დაიქირავეს და ამის ანაზღაურება არ სურთ. ამბობენ, დღეს ან ხვალ აგინაზღაურებთო, მაგრამ დაპირება არ სრულდება. ველოდებით, თუ არ მოხდება ანაზღაურება, კომპანიის შენობაში შესვლას ვგეგმავთ“,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებიან. ამასთან, აქციის მონაწილეებთან მივიდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.